სირია

აშშ-ის დესპანი სირიაში: არსებობს მტკიცებულება, რომ ასადი იდლიბზე ქიმიურ თავდასხმას გეგმავს

Reuters

სირიაში აშშ-ის დესპანის თქმით ბევრი მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ სირიის სამთავრობო ძალები იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის მტკიცებულებაზეა საუბარი.

ჯიმ ჯეფრის თქმით ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ რეგიონზე თავდასხმა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ საკმარისი საფუძველი გვაქვს ამ გაფრთხილების გასავრცელებლად. ნებისმიერი თავდასხმა, ჩვენი აზრით, არასასურველია, როგორც წინდაუხედავი ესკალაცია. ბევრი სამხილი არსებობს, რომ ქიმიურ იარაღს ამზადებენ."

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ იდლიბზე თავდასხმა სირიის ომის ესკალაცია იქნება და ვაშინგტონი ქიმიური თავდასხმის შემთხვევაში სათანადო რეაგირებას მოახდენს.

"თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ, ზუსტად ვიცით, ვინც გამოიყენებს მას." თქვა გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ.

ჯიმ ჯეფრის თქმით ასადს, როგორც სირიის მმართველს, მომავალი არ აქვს, თუმცა მისი გაძევება ვაშინგტონის საქმე არ არის და ისინი რუსეთთან პოლიტიკურ გამოსავალზე იმუშავებენ.

"ამჟამად სირიის მთავრობა გვამია ნანგრევებში, და კარგ დღეს სირიის ტერიტორიის მხოლოდ ნახევარს აკონტროლებს." თქვა მან.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით, სირიის სამხედრო ძალები დლიბის პროვინციაზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ, რომელშიც სირიულთან ერთად რუსული თვითმფრინავებიც მონაწილეობს.

დღეს თეირანში ირანის, რუსეთისა და თურქეთის ლიდერები იდლიბის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

თურქული მედიის მიხედვით რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თეირანში დაგეგმილ მოლაპარაკებბს შესაძლოა პოზიტიური შედეგები ჰქონდეს.

"იდლიბში არსებულ სიტუაციას თურქეთისათვის გადაწმყვეტი მნიშვნელობა აქვს. იქ დაუნდობელი პროცესები მიმდინარეობს. ღმერთმა არ ქნას და ეს ტერიტორია რაკეტებით არ დაბობმბონ. სერიოზული ხოცვა-ჟლეტა იქნება." "ჩვენ თეირანის სამიტზე, რომელიც ასტანას სამიტის გაგრძელებაა, ამ საკითხს პოზიტიურ შედეგამდე მივიყვანთ. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ რეგიონში სირიის მთავრობის ექსტრემიზმის შეჩერებას." თქვა ერდოღანმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაშარ ალ-ასადი და მისი მოკავშირეები, ირანი და რუსეთი გააფრთხილა თავი შეიკავონ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად პროვინცია იდლიბზე თავდასხმისაგან.

"სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი წინადუხედავად არ უნდა დაესხას თავს იდლიბის პროვინციას. რუსები და ირანელები საშინელ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ ამ პოტენციურ ტრაგედიაში მონაწილეობით. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპება. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს!" დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

დღეს იდლიბის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოც განიხილავს.

კომენტარები