ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიის ფარგლებში ქუთაისში 3 000 წლის წინანდელი, ანტიკური პერიოდის თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას მიაკუთვნებენ. ქართველი და პოლონელი არქეოლოგების ვარაუდით, ეს აღმოჩენა შესაძლოა გახდეს პირველი მატერიალური დადასტურება იმისა, რომ გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი ცენტრი - კოლხეთის ცივილიზაცია ნამდვილად ქუთაისის ამჟამინდელი გაბაშვილის გორის გარშემო (არქეოლოგიური გათხრების არეალი) არსებობდა.
თხრილის ზომები სიგანით 10 მეტრი, ხოლო სიღრმე - 6 მეტრია. სამინისტროს ცნობით, არქეოლოგიური ობიექტი იმ ტიპისაა, რომლებსაც ბრინჯაოს ხანის პერიოდსა (დაახლოებით 3000-3500 წლის წინ) და მოგვიანებით - ანტიკურ ხანაში (IV -VI საუკუნეები ჩვ.წ. აღრიცხვით) იყენებდნენ.
"იქიდან გამომდინარე, რომ არქეოლოგიური თხრილის მიმდებარე რელიეფი შეუქცევადადაა შეცვლილი სხვადასხვა ჩარევისა და თანამედროვე მშენებლობების შედეგად, მეცნიერები აღმოჩენილი თხრილს ქუთაისის ადგილზე ანტიკური ქალაქის არსებობის ჯერჯერობით ერთადერთ მატერიალურ დადასტურებად მიიჩნევენ" - აცხადებს სამინისტრო.
პოლონურ-ქართული ექსპედიციისას ე.წ კოლხური ბრინჯაოს ცულის ჩამოსასხმელი ქვის ყალიბიც აღმოაჩინეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოსაწვავ ღუმელში გამოსაყენებელი კერამიკული მილი სპეციალისტებს საკვლევი არეალის მიმდებარედ მეტალურგიის არსებობის ისტორიულ კვალზე მიანიშნებს.
"ქართულ-პოლონურმა გუნდმა არქეოლოგიურ ქვედა ფენებში გამოავლინა კოლხეთში დამზადებული გვიან ბრინჯაოს ხანის ტიპიური კერამიკული და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭელი. ადგილობრივად წარმოებულ მასალებთან ერთად აღმოჩენილია იმპორტირებული ჭურჭლის ფრაგმენტებიც.
ყურძნისა და ლეღვის წიპწების, მარცვლეულისა და სხვა საკვები მცენარეების სახით გამოვლინდა ორგანული ნარჩენებიც. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა მათ 3 000 -3 500 წლის წინანდელი ადგილობრივი ფლორისა და ანტიკური კოლხეთის მცხოვრებთა კვების რაციონის აღდგენაში დაეხმარება. არქეოლოგიური მასალების ნიმუშები, თხრილში აღმოჩენილი ხის საყრდენების ფრაგმენტებთან ერთად, უახლოეს მომავალში პოლონეთის ქიმიურ ლაბორატორიებში შემდგომი კვლევისათვის გაიგზავნება" - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
ქართულ-პოლონური კვლევა ქუთაისში ახლადგახსნილი ინტერდისციპლინარული ცენტრის ბაზაზე ტარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების, ქუთაისის კრუკოვსკის სახელობის ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრისა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ერთობლივ პროექტს პოლონეთის ეროვნული ფონდი აფინანსებს.