ე.წ ქართული მარში

ქართული მარში: იმის გამო რომ ნაკრებს ხელი არ შეეშალოს, მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია

facebook.com/gia.korkotashvili

9 სექტემბერს დინამო არენასთან "ქართული მარშის" მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება. ამის შესახებ დაჯგუფებამ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

"მარშელები" საზოგადოებას მოუწოდებენ, ლგბტ სამკლავურები არ გაიკეთონ.

"მოვუწოდებთ ყველა ლგბტ-პროვოკატორს - ნუ გაიკეთებენ 9 სექტემბერს მამათმავლობის სიმბოლოს ლგბტ სამკლავურებს. იმის გამო რომ ჩვენმა ნაკრებმა როგორც იქნა მატჩი მოიგო და გაუჩნდა შანსი ითამაშოს შემდეგ ეტაპზე, იმის გამო რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფომანსი რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას ამაზრზენი ქმედების გასაპროტესტებლად. ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ სტადიონზე არ იყოს მამათმავლობის სიმბოლიკა და ლგბტ სამკლავურები, მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო დროშებით და ნაკრების ატრიბუტიკით ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. იმ შემთხვევაში თუ ჰომოსექსუალები-მამათმავლები-ლგბტ ორგანიზაციები და ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უგულვებელყოფენ ქართველი გულშემატკივრების თხოვნას და მაინც ააფრიალებენ სოდომის ცოდვის-მამათმვლობის სიმბოლიკას, მაშინ იძულებულნი ვიქნებით მშვიდობიანად არ დავუშვათ ლგბტ ბანდის აქცია, გეი-აღლუმი და მთელს ქართველ ერს მოვუწოდოთ აღსდგეს სოდომის ცოდვის ზეიმის წინააღმდეგ !!!
P.S.იმედს ვიტოვებთ რომ თავად ფეხბურთის ფედერაცია და გურამ კაშია შეაჩერებენ დაგეგმილ პროვოკაციას და ფეხბურთის მატჩს არ აქცევენ ჰომოსექსუალთა ზეიმად !!!"- წერია დაჯგუფების გვერდზე. 

"ქართულმა მარშმა" 3 სექტემბერს Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა ცრუ ინფორმაცია, თითქოს 9 სექტემბერს სტადიონზე " გეი აღლუმი იგეგმება". დაჯგუფება ირწმუნებოდა, რომ ამას "არ დაუშვებს".

შსს-ში ტაბულას კითხვას, თუ რა უსაფრთხოების ზომების მიღებას გეგმავს უწყება, უპასუხეს, რომ "პოლიცია კანონის ფარგლებში უზრუნველყოფს წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას". დეტალებზე შსს არ საუბრობს. 

9 სექტემბერს დინამო არენაზე საქართველო-ლატვიის ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართება. მოედანზე იქნება საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია, რომელიც, LGBT უფლებების და თანასწორობის იდეის მხარდაჭერისთვის, საქართველოში ჰომოფობიური ჯგუფების აგრესიის სამიზნე გახდა.

LGBT უფლებების მხარდამჭერი სამკლავურით კაშიამ 2017 წლის ოქტომბერში, "ვიტესის" რიგებში ითამაშა. საქართველოში ჰომოფობთა აგრესიის მიუხედავად, მან თქვა, რომ ამას არ ნანობდა. 2018 წლის აგვისტოში UEFA-მ მას თანასწორობის ჯილდო გადასცა. ამას იმავე ჯგუფების მხრიდან აგრესიის ახალი ტალღა მოჰყვა. გურამ კაშიას მხარი მრავალმა ქართველმა სპორტსმენმა დაუჭირა.

კომენტარები