მარიხუანა

ზოიძე: შსს-მ პრინციპების დონეზე წარადგინა ცვლილება საექსპორტო მარიხუანაზე

ტაბულა

საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს. განიხილება მოდელი, რომელშიც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა. 

ტაბულას ამ ინიციატივის არსებობის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ქართული ოცნების უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე ერთერთი საკითხი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა სწორედ ეს იყო. 

"საუბარია, ექსპორტზე, გატანაზე, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ქვეყნისთვის. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებით იმ პროდუქტების გატანაზე, რომელიც იწარმოება მარიხუანას გადამუშავების შედეგად,"- ამბობს დეპუტატი. 

ამ დროისთვის კანონპროექტი საჯარო არაა. უცნობია როდის მოხდება პარლამენტში ამ ცვლილებების ინიცირება. 

ცვლილებას უკვე ეწინააღმდეგება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის ინიციატივის უკან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს ხედავს. 

"უჩას და ბერას ახალი ბიზნესი"- საკუთარ facebook-ზე წერს სააკაშვილი. 

სააკაშვილმა წარსულში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა. 

რა მედიკამენტები მზადდება მარიხუანას გადამუშავებით მიღებული პროდუქტისგან?

ამ დროისთვის ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ავტორიტეტულ მარეგულირებელ ორგანოს, აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) სულ რამდენიმე მედიკამენტი აქვს რეგისტრირებული, რომლის ძირითადი აქტიური ნივთიერებაც მარიხუანას გადამუშავებით მიიღება. 

დრონაბილონი (სავაჭრო სახელწოდება მარინოლი) - არის THC-ს სინთეზირებული ფორმა და გამოიყენება შიდსით დაავადებულ პაციენტებში ანორექსიის სამკურნალოდ და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან.

ნაბილონი, ასევე სინთეზირებული THC-ის ფორმაა, რომელსაც იყენებენ გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად, ქრონიკული ტკივილის მართვისთვის ფიბრომიალგიის და გაფანტული სკლეროზის დროს.

ეპიდიოლექსი, რომელიც არის მარიხუანისგან პირდაპირ მიღებული CBD, გამოიყენება ეპილეფსიის ორი მძიმე ფორმის სამკურნალოდ (ლენოქსის სინდრომი და დრავეს სინდრომი).

კომენტარები