საქართველოს დარაჯი

როგორ ავიწროებს "საქართველოს დარაჯი" უცხოელებს აღმაშენებლის გამზირზე

თორნიკე ქარჩხა

რამდენიმე დღეა, აღმაშენებლის გამზირზე ადამიანები პატრულირებენ, რომლებიც საკუთარ თავს "საქართველოს დარაჯებს" უწოდებენ და უცხოელებს ავიწროებენ. 

11 აგვისტოს ღამეს ფეისბუქის მომხმარებელმა, ნინო კიკავამ დაწერა, რომ ის და მისი მეგობარი შეესწრნენ, როგორ ელაპარაკებოდა ორი ქართველი კაცი ორი ინდოელს და მათ საბუთებს სთხოვდნენ. კაცებმა კიკავას და მის მეგობარს უთხრა, რომ ისინი თავიანთ ქვეყანას არალეგალებისგან ასუფთავებდნენ. 

"მე და მარიამი ვიყავით მარჯანიშვილის მოედანზე, როდესაც დავინახეთ ორი მამრობითი სქესის ადამიანი, რომლებსაც გაჩერებული ჰყავდათ ორი ინდოელი კაცი და დაძაბულად ელაპარკებოდნენ. ამ ორ გაურკვეველ ადამიანს მაისურზე ეწერა "საქართველოს დარაჯი".

მათთან გამოლაპარაკების მცდელობა თავიდან კრახით დამთავრდა, ერთ-ერთმა უარი განაცხადა კითხვაზე პასუხის გაცემაზე. შემდგომ მეორე მამაკაცმა, რომელიც ასაკით უფრო დიდი იყო, განგვიმარტა, რომ იცავდა თავის ქვეყანას არალეგალებისგან და ასუფთავებდა ქალაქს.

აღმოჩნდა, რომ ეს ორი გაურკვევლი პირი საბუთებს სთხოვდა ამ ორ ინდოელ მამაკაცს, იმ საფუძვლით, რომ ეჭვი იყო მათი არალეგალობის შესახებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გარეთ იდგნენ და ლუდს სვამდნენ. ასევე გაირკვა, რომ ეს ორი გაურკვეველი ტიპი ყოველდღე ამ ტერიტორიაზე არის და აკვირდება უცხო ქვეყნის ყველა ​წარმომადგენელს. მეორე კაცი, რომელმაც უარი განაცხადა კითხვაზე პასუხის გაცემაზე, ფოტო აპარატით იღებდა ამ ორ ინდოელ მამაკაცს [....] ერთ-ერთმა საქართველოს დარაჯმა განაცხადა, რომ დროშაზე აქვს დაფიცებული, რომ საქართველოს დაიცავს არალეგალებისგან", - დაწერა ნინო კიკავამ

12 აგვისტოს "საქართველოს დარაჯების მანქანის ფოტო გადაიღო სხვა მოქალაქემაც

"საქართველოს დარაჯს" იუთუბის ანგარიშიც აქვს, რომლითაც ირკვევა, რომ ჯგუფის ლიდერის სახელი და გვარი სოსო ლეიაშვილია.

იუთუბზე განთავსებულ ერთ-ერთ ვიდეოზე ის ლოტკინზე ერთ-ერთი სახლის წინ დგას, რომელიც, მისი თქმით, ირანელებს აქვთ დაქირავებული. ლეიაშვილი ამბობს, რომ სწორედ ირანელებს სურთ,

"ქართველების ნაწვალები ქონება წაიღონ. ლეიაშვილი მიხეილ სააკაშვილსაც მიმართავს და ეუბნება, რომ "ახლა ყვავის მისი ჩადებული თესლი. დედას გიტირებ, მე არ ვიყო სოსო ლეიაშვილი. მე ვირთხებს ქალაქში ვეძებ, აგერ ყოფილან, ბიჭო".

ასევე, აღსანიშნავია, რომ იოსებ ლეიაშვილი, რომელიც "ქალაქს არალეგალი ირანელებისგან ასუფთავებს", წილს რამდენიმე ბიზნესში ფლობს და მისი პარტნიორები სწორედ სირიის და ირანის მოქალაქეები არიან, მათ შორის, სადისტრიბუციო კომპანია Sham Freedom, რომლის წილის 50%-ს ლეიაშვილი, დანარჩენ 50%-ს კი სირიის ამოქალაქე ფლობს. 

ასევე, კომპანია ტურისტული კომპანია შპს ელენამ. ქომ - ლეიაშვილი ამ კომპანიის 20%-ს ფლობს, კიდევ ერთ 20%-ს და ასევე 60%-ს კი ირანის მოქალაქეები ფლობენ. 

კომპანია შპს Georgian Sol - 5პარტნიორიდან ლეიაშვილის გარდა ყველა ირანელია. 

ლეიაშვილის ამ და სხვა ბიზნესის შესახებ ინფორმაცია ბიზნეს-რეესტრსში იძებნება. 

ლეიაშვილი სხვა ადამიანებთან ერთად რამდენიმე დღეა, აღმაშენებელზე უცხოელებს ავიწროებს. ისინი  საკუთარ თავს "საქართველოს დარაჯებს" უწოდებენ და უცხოელებს საბუთებს სთხოვენ, რათა დარწმუნდნენ, საქართველოში ლეგალლურად იმყოფებიან თუ არა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას და მის ხელმძღვანელობას გულისხმობს.

შსს ამბობს, რომ ამ დროისთვის, კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ტარდება. 

კომენტარები