საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის, თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში, იგეგმება პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლების ხელფასი 2022 წლიდან სამჯერ გაიზრდება, ხოლო 10 000 პედაგოგი 2018-2019 წლების სასწავლო წლის განმავლობაში უკვე გაზრდილს ხელფასს მიიღებს.
"პირველ ეტაპზე, 2018-2019 წლების სასწავლო წლის განმავლობაში, გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 10 000 მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის, საჯარო სკოლებში, ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლების საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ" - თქვა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, დღეს, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში, განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა. მამუკა ბახტაძის თქმით, მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციებია.