ნარკოდანაშაულთან ბრძოლა

შსს-მ აგვისტოში დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკი ამოიღო და 14 რეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აგვისტოს თვეში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცა 189 პირი, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიებზე ირანის 4 მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულებისგან 290 შეკვრად დაფასოებული 939 გრამი ჰეროინი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ასევე, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 21 გრამი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების 105 აბი.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკების არაერთგზის უკანონო გასაღების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარაში ორი პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 232 აბი „სუბოქსინი“, 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირია დაკავებული ბათუმში. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 180 აბი მეტადონის მარილის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები