შსს 18 წლის ახალგაზრდის საქმეზე: დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური ექსპერტიზა

რადიო თავისუფლება

გორის სოფელ ხელთუბანთან 6 ივლისს დაღუპული 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს და მერებაშვილის საქმის სრულფასოვანი გამოძიება მოითხოვეს.

ოჯახის მტკიცებით, თორნიკე მერებაშვილი მოკლეს. გამოძიება კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

ისინი ამბობენ, რომ ბიჭებს შორის კამათი სისხლიან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო ჭრილობები სწორედ ამ დროს მიაყენეს.

მათ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზა გადაკეტეს. ავტობანის გადაკეტვას სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გზა უკვე გაიხნა, ხელთუბნის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას გორის მერიის შენობასთან აგრძელებენ. აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ. 

პარალელურად, ახალგაზრდის დაღუპვასთან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა.

უწყების ცნობით, გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა",- ამბობენ შსს-ში.

 

კომენტარები