საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქო: პოზიციები არ დაგვითმია - კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანაფის რეალიზაციას

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მარიხუანის სამედიცინო მიზნით კულტივირების კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა

"მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და რეალურად დაპირისპირებულნი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება",- წერია განცხადებაში.

მათი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ნებისმიერი სახის მარიხუანის, ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზების წინააღმდეგია. 

"ეს არის ეკლესიის საერთო განწყობა და უცვლელი დამოკიდებულება, რადგან მისი შედეგები ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მეტად სავალალო",- ამბობენ საპატრიარქოში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანის მოხმარებისა და სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად კანაფის კონტროლის შესახებ ახალი კანონპროექტი მთავრობას 12 სექტემბერს წარუდგინა, რასაც საპატრიარქოს, პოლიტიკოსების და საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. 

15 სექტემბერს საპატრიარქოში სასულიერო პირები პატრიარქს შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ, მღვდელმსახურებმა თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო პარაკლისი აღავლინეს და მთავრობას კონსტიტუციის შეცვლისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ ნარკოპოლიტიკაში ცვლილებათან დაკავშირებით პატრიარქის თანამოსაყდრემ, ასევე მეუფეებმა იაკობმა, იობმა და ანტონმა განაცხადეს, რომ ისინი აღშფოთებული არიან და რომ მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის.

შედეგად, საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონის პროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო.

კომენტარები