საზოგადოებრივი მაუწყებელი

"ქურდულად მოიპარა" - იაკობაშვილს საზმაუს საბჭოს სხდომის ჩანაწერის წაშლაში ადანაშაულებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია იაკობაშვილმა სხდომის ის ჩანაწერი გაანადგურა, რომელიც გაფართოებულ შეხვედრას ასახავდა. 

შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თხოვნით გაიმართა და მას საბჭოს, მენეჯმენტის და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ იმ 42 თანამშრომლის საკითხი განიხილეს, რომლებსაც სექტემბრიდან კონტრაქტი შეეცვალათ - ისინი არა კონკრეტული რაოდენობის ხელფასს, არამედ საათობრივ ანაზღაურებას/ჰონორარს მიიღებენ და მხოლოდ მაშინ იმუშავებენ, როცა გამოიძახებენ. კონტრაქტით განსაზღვრულია მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში ჰონორარის ოდენობა, თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ მათ სამუშაოდ გამოიძახებენ. 

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი, ნინია კაკაბაძე ამბობს, რომ შეხვედრა, წინასწარი შეთანხმებით, იწერებოდა და ამის შესახებ ყველა გაფრთხილებული იყო. მისივე თქმით, ჩანაწერი, საჭიროების შემთხვვევაში, ვებ-გვერდზეც აიტვირთებოდა

კაკაბაძის თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, როდესაც მონაწილეთა უმეტესობა წასული იყო, საბჭოს რამდენიმე წევრმა გადაწყვიტა, ჩანაწერი არ ატვირთულიყო.

შემდეგ ჩანაწერი მოითხოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა, რომელიც ჩანაწერს სასამართლოში, საჭიროებისამებრ, მტკიცებულებად წარსადგენად ითხოვდა. 

"საბჭო რამდენიმე დღეა ბჭობს ამ ჩანაწერის ნინო ზაუტაშვილისთვის გადაცემა-არგადაცემის საკითხზე, მაგრამ გუშინ საღამოს ტელევიზიაში მიდის გია იაკობაშვილი, ქურდულად და ტყუილით ითხოვს მასალას, ამბობს, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა ამ ჩანაწერის წაშლა და მას ანადგურებს.

აი, ასე ტყუილებით, მიპარვით და რაც მთავარია "უმრავლესობის სახელით" მოქმედებენ უმრავლესობის წარმომადგენლები. საბედნიეროდ არსებობს მიმოწერა ელექტრონული ფოსტით, სადაც მხოლოდ ზაზა შათირიშვილი და გია იაკობაშვილი იზიარებენ ჩანაწერის განადგურების იდეას", - ამბობს ნინია კაკაბაძე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების ხელმძღვანელის, ნინო ზაუტაშვილის თქმით, შეხვედრა, რომელიც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მძიმე იყო. შეხვედრაზე იყო კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება. მისი თქმით, შესაძლოა, შეხვედრის გარკვეული ნაწილის გასაჯაროებას მენეჯმენტის და ბორდის წევრების ნაწილი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. 

"ამ შეხვედრაზე ძალიან კარგად გამოჩნდა, რა ინტერესები აქვს მენეჯმენტს და საბჭოს ზოგიერთ წევრს, რომელმაც მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, განადგურებულიყო ჩიპები. ჩემი აზრია, რომ ეს იყო მენეჯმენტის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი. ადამიანი უკანონობას სჩადის და ასეთი სისწრაფით ანადგურებს ჩანაწერს, რომელიც, ფაქტობრივად დოკუმენტი იყო.

ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ აუცილებლად დაგვჭირდებოდა დოკუმენტად იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ახლა სამსახურიდან ათავისუფლებენ და ეს შეთავაზება სხვა არაფერია, თუ არა მათი ქუჩაში გაშვება. ამ მასალისთვის ჯერ წერილობით მივმართე, შემდეგ დავურეკე და მოთხოვნა მისი ჩემთვის გადმოცემის შესახებ ოფიციალურად ჩაბარდა სამეურვეო საბჭოს. წერილის გაგზავნიდან მესამე დღეს გავიგე, რომ პირდაპირ, 7-ის ნახევარზე მივიდა, მოითხოვა ბორდის მდივნისგან ჩიპები, რომლებზეც იყო ჩანაწერი და ჩაიტანა, გაანადგურა და ამოიტანა უკან", - ამბობს ნინო ზაუტაშვილი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის შეცვლილი ხელშეკრულების საკითხს შრომის და ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი შეისწავლის. სწორედ ის დაადგენს ამ ხელშეკრულების პირობების კანონიერებას. საქმეში მისი ჩართულობა ამ ეტაპზე მენეჯმენტისთვის, ასევე საბჭოსა და მაუწყებლის პროფკავშირებისთვისაც მისაღებია. 

ნინო ზაუტაშვილი კი გეგმავს, პარლამენტს მიმართოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ორი წევრის, გია იაკობაშვილის და ზაზა შათირიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვოს. 

"ჩვენ გვინდა, მივმართოთ პარლამენტს, რადგან პარლამენტის დისკრეცია იყო - გია იაკობაშვილის და ზაზა შათირიშვილის არჩევა. მოვითხოვთ მათ გაწვევას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოდან. ისინი არიან უმრავლესობის კვოტით წარდგენილები და სხვათა შორის, გუშინ გია იაკობაშვილი რომ მობრძანდა შეხვედრის ჩანაწერის წასაშლელად, ბორდის მდივანს უთხრა, უმრავლესობის გადაწყვეტილებაა ჩანაწერის წაშლაო. ვინ უმრავლესობას გულისხმობდა, ამისი განმარტებაც მოუწევს ბატონ გია იაკობაშვილს. ეს არის სირცხვილი 21-ე საუკუნეში, 1937 წლის კგბ-ს მეთოდებით მუშაობა", - ამბობს ზაუტაშვილი. 

ტაბულა გია იაკობაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული აქვს. 

კომენტარები