სახელმწიფო და ეკლესია

ილია II სასულიერო პირებს: თავი შეიკავეთ პოლიტიკური და არაკორექტული განცხადებებისგან

პატრიარქი ილია მეორე

"ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა" - საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებს მიმართავს, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან.

"სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს.

მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან, მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს" - ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სასულიერო პირმა პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა, რასაც ამ უკანასკნელმა გადაცემაში - "პირისპირ" უპასუხა.

"მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად - მეუფეებს" - თქვა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები