აშშ-ჩრდილოეთ კორეა

აშშ მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის ფხენიანში გამართული სამიტის შემდეგ აშშ მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული განიარაღების შესახებ მოალაპარაკებებს დაუბრუნდეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონგ ჰო მომდევნო კვირას ნიუ იორკში გაეროს ასამბლეის ფარგლებში შეხვედრაზე მიიწვია, რათა 2021 წლამდე ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე ისაუბრონ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტი დღეს დაასრულა.

მისი თქმით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ქვეყნის მთავარი სარაკეტო გამოსაცდელი ბაზის დახურვაზე დათანხმდა და ასევე თანახმაა ქვეყანაში შეუშვას დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესს დააკვირდებიან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ აშშ სათანადო ნაბიჯებს გადადგამს. კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვს ჩრდილოეთ კორეას აშშ-სადმი არ დაკონკრეტებულა.

კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში სეულს ეწვევა და პირველი ჩრდილო კორეელი ლიდერი გახდება, ვინც სამხრეთ კორეის დედაქალაქში ჩავა. მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტისგან მიწვევა უკვე მიიღო.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაზე და კორეის ომის შედეგად დაშორებული ოჯახის წევრების შეხვედრების ორგანიზებაზე.

ორი ქვეყანა 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ერთობლივად მასპინძლობის სურვილსაც გამოთქვამს.

აშშ-ის პრეზიდენტმა გასული თვის ბოლოს მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში გააუქმა და მიზეზად ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებში არასაკმარისი პროგრესი დაასახელა, თუმცა გუშინ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების სამიტი დადებითად შეაფასა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები