ტრანსპორტი

გეზ-თან აქცია გრძელდება, ტრაილერის მძღოლი თავის დაწვით იმუქრება

Screengrab

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქცია გრძელდება.

აქციის ერთერთი მონაწილე თავის დაწვით იმუქრება, მან უკვე მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას და თვითდაზიანებები მიიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ჯგუფი. დაწყებულია ასევე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

ტრაილერის მძღოლების პროტესტის მიზეზი ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მიერ გამოცემული ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც საქართველოში საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტ-ექსპორტი და ტრანზიტი იკრძალება. შედეგად, ხორბლის ტრანსპორტირების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ რკინიგზას და პორტებს ექნებათ.

ტრაილერის მძღოლები გუშინ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. თათბირის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა მძოლებს შესთავაზა ბრძანების ამოქმედების 2019 წლამდე გადავადება, რაზეც უარი მიიღო. ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვა ათასობით მძღოლისთვის შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავს.

ლილოს ტერმინალში მდგომარეობა ისევ დაძაბულია. ტრაილერის მძღოლები ფინანსთა მინისტრის მისვლას და ბრძანების საჯაროდ გაუქმებას ითხოვენ.

მთავრობის მიერ გამოცემულ აკრძალვას არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მათი შეფასებით, ფინანსთა მინისტრის მიერ ბრძანება პირდაპირ არღვევს კონსტიტუციის 31-ე და 21-ე მუხლებს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის თქმით, აღნიშნნული აკრძალვა ათასობით მძღოლს შემოსავლის გარეშე დატოვებს, რაც არაკონსტიტუციურია. 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 24 აგვისტოს თქვა, რომ აკრძალვის მიზეზი საბაჟოებზე წარმოქმნილი რიგები გახდა, რომ ტრაილერების რიგები ტურისტებს უშლიდნენ ხელს. ამიტომ მისი თქმით, სახელმწიფომ ხორბლის უფრო "ცივილიზებული" გზით ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები