პარლამენტი

შსს: პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება

საქართველოს პარლამენტი
http://georgiantour.ge/

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის თქმით, ქუთაისის პარლამენტის შენობაში - 112, საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო განთავსდება.

"საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი დღეს მხოლოდ თბილისში არსებობს და "ერთი ფანჯრის" პრინციპით მოსახლეობას, დაახლოებით, 50 საპოლიციო სერვისს აწვდის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ იგივე მოდელი დავნერგოთ რეგიონებში. მეორე ასეთი ცენტრი, თბილისის შემდეგ, უკვე ქუთაისში იქნება" - ამბობს ნინო ჯავახაძე.

რაც შეეხება პოლიციის რეგიონულ ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლობის დაფუძნებას, ნინო ჯავახაძის თქმით, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან აკადემიაში სწავლა ხელმისაწვდომი გახდება არა მარტო თბილისის, არამედ ქუთაისისა და მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის.

"ჩვენი გეგმაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ყველა ჩვენი პოლიციელის კვალიფიკაცია. სწორედ ამ მიზნით გავაუქმეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის უკვე მთლიანად პროფესიულ განათლებაზეა ორიენტირებული, ანუ ეტაპობრივად მოხდება ყველა ჩვენი პოლიციელის მომზადება და გადამზადება. აკადემია, ასევე, იქნება ის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემას ახალი, კვალიფიციური კადრებით. ჩვენ,  აგრეთვე, უკვე შევცვალეთ სამსახურში მიღების წესიც და ამ წესით მოხდება ახალი, მოტივირებული კადრების მოზიდვა. შესაბამისად, რეგიონული ცენტრი ყველა ამ სერვისსა და შესაძლებლობას შესთავაზებს უკვე ქუთაისში მცხოვრებ მოსახლეობას და მთელ დასავლეთ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ისე, მთლიანად იმ მხარის განვითარებისთვის" - თქვა ნინო ჯავახაძემ.

მისივე თქმით, საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უფრო განვითარებულია, ვიდრე მეზობელი ქვეყნების, შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე ჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიციელების მოზიდვა მეზობელი ქვეყნებიდანაც მოხდეს, რაც ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის ახალი სტიმულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის რეგიონულ ცენტრში დასაქმებულ პერსონალზეც ისაუბრა -"არ მოხდება თბილისში მყოფი დანაყოფების გადაყვანა ქუთაისში, შესაბამისად, პერსონალის მოზიდვა უკვე ადგილობრივი მოსახლეობიდან იქნება შესაძლებელი და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება" - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის იანვრიდან, პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში მუშაობას თბილისში გააგრძელებს.

ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, პარლამენტის მდებარეობა განსაზღვრული აღარ არის.

კომენტარები