არჩევნები 2018

"ზურაბიშვილი მოხსენიებულია მოღალატედ" - GNCC ტელევიზიებს 3 სარეკლამო რგოლის ამოღებას სთხოვს

სალომე ზურაბიშვილი

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელევიზიებს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სამი სარეკლამო რგოლის (პოლიტიკური წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლები) სამაუწყებლო ბადიდან ამოღებას სთხოვს. GNCC-ის წერილში აღნიშნულია, რომ მათ პასუხი საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვებს გასცეს, თუმცა, ასლები სხვა ტელევიზიებსაც გაუგზავნეს. კომისიის ინფორმაციით, მათ 18 სექტემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წერილით მიმართა ისეთი წინასაარჩევნო რგოლების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, რომლებიც "მიზნად ისახავს სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელის შეშლას". GNCC-ის მტკიცებით, სამი ვიდეორგოლი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

"იმ შემთხვევაში თუ მაუწყებელმა განათავსა აღნიშნული ვიდეორგოლები, უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ ამოღება სამაუწყებლო ბადიდან" - ნათქვამია წერილში, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელევიზიებს გაუგზავნა.

GNCC აღნიშნავს, რომ ერთერთ სარეკლამო რგოლში გამოყენებულია ნაწყვეტი გადაცემა რეაქციიდან, სადაც ინგა გრიგოლია კითხვას უსვამს პრეზიდენტობის კანდიდატს. კომისიის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად იკრძალება წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.

"შესაბამისად, აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენს არასათანადო რეკლამას და მისი განთავსება აკრძალულია.

ერთერთ სარეკლამო რგოლში გამოყენებულია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და შედარება. ის [სალომე ზურაბიშვილი] მოხსენიებულია, როგორც მოღალატე, რაც არღვევს ზნეობრივ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს, აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენს არაეთიკურ და შესაბამისად არასათანადო რეკლამას.

ერთერთი სარეკლამო რგოლი შეიცავს უხეში შინაარსის გამონათქვამს, მაუწყებლობის შესახებ კანონით, იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახველი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას" - წერია კახა ბექაურის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომელიც რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა გაასაჯაროვა.

"ახლა ჩაგვბარდა მარეგულირებელი კომისიიდან წერილი ერთი კონკრეტული კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის დასაცავად. წერილი, ერთი შეხედვით, პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკითხვას, თუმცა, მარეგულირებელმა კომისიამ პასუხი გაუგზავნა ყველა მაუწყებელს. შესაბამისად, მე უფლებას ვიტოვებ, ეს წერილი ასე დავასათაურო -" საზოგადოებრივო მაუუწყებელო, შენ გეუბნები, რუსთავი ორო, შენ გაიგონეო".

p.s როცა ტელეკომპანია აშუქებს პრეზიდენტის აზრებს, ლოზუნგებს და სიტყვებს, მათ შორის, მის მიერვე ნათქვამ ღირსების შემლახავ ფრაზებსაც, მაგალითად, კანდიდატი ამბობს - "გააჯ....თო" (მერიდება ამ სიტყვის დაწერა), ხოლო ტელევიზია ამას ეთერში უშვებს, ამით ამ სიტყვების ავტორი არღვევს კანონს თუ როგორც კომისია მიგვითითებს, თავად ტელევიზია?" - კითხულობს მურადაშვილი.

კომენტარები