აშშ-ირანი

ბოლტონი ირანს: თუ აშშ-ის მოქალაქეებს ზიანი მიადგებათ, ჯოჯოხეთური საფასურის გადახდა მოგიწევთ

ჯონ ბოლტონი
AFP

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ თუ აშშ-ის მოქალაქეებს ან მოკავშირეებს რაიმე ზიანი მიადგებათ ირანს ამისათვის "ჯოჯოხეთური საფასურის" გადახდა მოუწევს.

ნიუ იორკში გამართულ ანტი-ირანულ კონფერენციაზე ბოლტონმა თქვა, რომ აშშ ირანისათვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავა და არავის მისცემს უფლებას ძირი გამოუთხაროს მას.

ირანის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენლების თქმით ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებისათვის გადახდის ახალ სისტემაზე მუშაობენ, რომელიც საშუალებას მისცემთ გვერდი აუქციონ აშშ-ის მიერ ირანისათვის დაწესებულ სანქციებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს თქმით ესაა "ყველაზე კონტრპროდუქტიული ზომა, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება."

დღეს ტრამპი ირანისა და ბირთვული იარაღის გავრცელების შეჩერების თემაზე მოწვეულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს.

გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ირანზე ისაუბრა და მას, როგორც გასულ წელს, ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელი უწოდა:

"ირანის ლიდერები ქაოსს, სიკვდილსა და დესტრუქციას თესავენ. ისინი მეზობლების საზღვრებს და ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ. ამის ნაცვლად, ირანელი ლიდერები ძარცვავენ ქვეყნის რესურსებს და თავად მდიდრდებიან, რათა ახლო აღმოსავლეთში და მის გარეთ უთანხმოება გააღვივონ. ირანელი ხალხი სამართლიანადაა განრისხებული." თქვა მან და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთის ბევრი აშშ-ის გასვლას 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან. ტრამპის თქმით, სწორედ ამ "საშინელი შეთანხმების გამო" ირანის სამხედრო ბიუჯეტი 40%-ით გაიზარდა, რის გამოც მისმა ადმინისტრაციამ "სისხლიან რეჟიმს" ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

პასუხად საკუთარ გამოსვლასი ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა. მისი თქმით დიალოგი "მუქარისა და უსამართლო სანქცების" დასრულებით უნდა დაიწყოს და ძალით მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა შეუძლებელია.

"საერთაშორისო ურთიერთობების აშშ-სეული გაგება ავტორიტარულია. მათი გათვლით ძალა სამართლიანობას უდრის. ძალაუფლების, და არა კანონიერი და ლეგიტიმური ძალის, მათეული გაგება მათი მხრიდან აბუჩად ადგებასა და ძალდატანებაში აირეკლება." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.

აშშ-მა ირანს 2015 წელს ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

სანქციები მოიცავს შეზღუდვებს ამერიკული ვალუტის შეძენაზე, ირანული ვალუტით ტრანზაქციებზე, ოქროთი და სხვა ძვირფასი მეტალებით ვაჭრობაზე, ალუმინზე, მეტალზე, ქვანახშირზე, ინდუსტრიული პროცესებისათვის გამოყენებად პროგრამებსა და საავტომობილო სექტორზე.

4 ნოემბრამდე, შესაძლოა, ირანს ახალი სანქციებიც დაუწესდეს, რომელიც ირანული ნავთობსა და საბანკო სექტორზე სანქციებს მოიცავს.

ეკონომიკური სანქციების ხელახლა დაწესებას ირანის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები და დემონსტრანტებსა და რეჟიმის ძალებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები