ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე რუსულ ტელეარხზე: სააკაშვილმა ქვეყანა ჩაითრია ომში და დაკარგა ტერიტორიები

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში, ტელეკომპანია “პირველი არხის" ეთერში, გადაცემა "დიდი თამაშში" მიიღო მონაწილეობა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასა და ბალტიისპირეთში არსებული მდგომარეობაზე ისაუბრა.  

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნებს აერთიანებს და მტრულ განწყობას ქმნის. მისი თქმით, საქართველოში ანტირუსული დამოკიდებულება ამერიკის გავლენაა. ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა გამონახოს რუსეთთან საერთო ენა და სტრატეგიული პარტნიორობის გზა. 

"კურსი დასავლეთისკენ და კონფრონტაციული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ აირჩია. ისინი პრაქტიკულად, დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ პრონატოური და პროდასავლური კურსი და რუსეთთან კონფრონტაცია ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს სჭირდება. სამწუხაროდ, ამ საკითხზე დებატები ფაქტობრივად არ მიმდინარეობს და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამაზე საუბრობს და ფიქრობს რომ ქვეყანას სხვა პოლიტიკა სჭირდება, ვართ ჩვენ (დემოკრატიული მოძრაობა). ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველო არ უნდა იზოლირდეს დანარჩენი მსოფლიოსგან, არ გაიფუჭოს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, მაგრამ პირველ რიგში ქვეყანას სჭირდება დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან. სამწუხაროდ მეზობლურ და მეგობრულ დამოკიდებულებაზე ადრეა საუბარი, თუმცა, მცდელობა და მოლაპარაკების დაწყება აუცილებელია",- ამბობს ბურჯანაძე. 

ბურჯანაძემ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით აშშ აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, ნატოში გაწევრიანების მომხრე იყო, თუმცა მაშინ "სხვა დრო" იყო. 

"როდესაც საქართველო პრაქტიკულად დაყოფილია, არსებობს 2 გადაუჭრელი კონფლიქტი და რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ნატოში გაწევრიანება პრაქტიკულად შეუძლებელია.მოსახლეობის ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს სურთ რომ საქართველო ნატოში შევიდეს. თუმცა, მე და ჩემი მსგავსი ადამიანები კარგად ვხვდებით, რომ მსგავს სიტუაციაში ნატოში არავინ მიგვიღებს და რომც მიგვიღონ, საქართველოსთვის ეს ცუდი იქნება",- აღნიშნა მან.

ბურჯანაძემ რუსეთში პუტინის მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება. 

"პუტინმა, ფეხზე დააყენა რუსეთი და გახადა ძლიერი და სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ანგარიშს უნდა უწევდეს ყველა, მითუმეტეს მეზობელი პატარა ქვეყნები. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ვიღაცას უნდა დაემორჩილოს. პრინციპში, ამას არავინ ითხოვს",- თქვა მან. 

ბურჯანაძემ ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ ბოლო წუთამდე ფიქრობდა, მიეღო თუ არა მონაწილეობა, თუმცა საბოლოოდ უარი თქვა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის ინსტიტუტი შეგნებულად დასუსტებულია და უფლებები შეზღუდულია. ბურჯანაძის თქმით, არჩევნები გაყალბდება და ის შედეგი იქნება რაც ამერიკის საელჩოს სურს. 

2008 წლის ომის წამოწყებაში ბურჯანაძემ ისევ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. 

„სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილთან ერთად სათავეში 2012 წელს მოვიდა, იმის მაგივრად რომ სააკაშვილი გაესამართლებინათ, როგორც დამნაშავე, დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის კურსი აირჩია. სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში, დაიწყო ეს ომი და დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები. სააკაშვილი იყო ამ კონფლიქტის ინიციატორი და მას აქვს გარკვეული შესაძლებლობები იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნდეს. ამ განცხადებების გამო ქვეყნის მოღალატედ და კრემლის აგენტად მომნათლეს, თუმცა მიმაჩნია, რომ სიმართლე ვერ გააფუჭებს ქვეყნის რეპუტაციას და მას ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა სიმართლე გააფუჭებს სააკაშვილის რეპუტაციას",- ამბობს ბურჯანაძე. 

კომენტარები