აშშ-ის სანქციები

აშშ-მა მადუროს ცოლს და მოკავშირეებს ახალი სანქციები დაუწესა

ნიკოლას მადურო და სილია ფლორესი
Reuters

აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ცოლს, სილია ფლორესს და მის ახლო მოკავშირეებს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქციები მადუროს ახლო წრის 6 წარმომადგენელს შეეხება, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს და თავდაცვის მინისტრ ვლადიმირ პადრინოს. სანქციების შედეგად აშშ-ში მათი ანგარიშები გაიყინება და ამერიკის მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობა აეკრძალებათ.

გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას ტრამპმა ქვეყნებს მოუწოდა ერთად მოახდინონ ვენესუელაზე ზეწოლა, რათა ის დემოკრატიულ სისტემას დაუბრუნდეს:

"არც ისე დიდი ხნის წინ ვენესუელა დედამიწაზე ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო. დღეს, სოციალიზმმა ნავთობით მდიდარი სახელმწიფო გააკოტრა და ხალხი სიღატაკეში ჩააგდო. თითქმის ყველგან უცდიათ სოციალიზმი ან კომუნიზმი. მას ტანჯვა, კორუფცია და გახრწნა მოაქვს. სოციალიზმის ძალაუფლებისადმი წყურვილს ექსპანსიისა და რეპრესიისაკენ მივყავართ. ყველა ქვეყანამ უნდა თქვას უარი სოციალიზმზე და იმ უბედურებაზე, რაც მას მოაქვს. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ აქ შეკრებილ ქვეყნებს შემოგვიერთდნენ ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენის მოწოდებაში. დღეს ჩვენ ვაანონსებთ დამატებით სანქციებს რეპრესიული რეჟიმისათვის, რომელის სამიზნეს მადუროს შიდა წრე და ახლო მრჩევლები წარმოადგენენ."

ტრამპის გამოსვლის შემდეგ მადურომ ვენესუელას სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ისაუბრა და ტრამპის კომენტარებს "ამერიკული კოლონიალიზმის ისტორიის აპოლოგია" უწოდა.

"მე გარს მახვევიან ოფიციალური პირები, რომელთაც სანქციები დაუწესეს. მადლობა დონალდ ტრამპს იმისათვის, რომ გარს ღირსება მახვევია." თქვა მან.

მადურომ კვლავ გამოთქვა ტრამპთან პირისპირ შეხვედრის სურვილი, თუმცა გასულ წელს მსგავს შემოთავაზებაზე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ სანამ ქვეყანა დემოკრატიას არ დაუბრუნდება, შეხვედრა არ შედგება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული "საკონსტიტუციო ასამბლეის" დაფუძნებისთვის გამართულ არჩევნებს მოჰყვა.

სახელმწიფომ პროტესტის ჩასახშობად სამხედროებიც გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 164 ადამიანი ემსხვერპლა 15,000 კი დაშავდა.

2017 წელს ვენესუელა 600,000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა (პერუ, კოლუმბია, პარაგვაი, ჩილე, არგენტინა) და კანადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო ვენესუელას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

კომენტარები