ფინანსები

ცვლილება, რომელსაც ბანკები ეწინააღმდეგებიან, ასიათასობით ადამიანს სესხის აღებას გაურთულებს

0 კომენტარი

საქართველოს ეროვნული ბანკი ამზადებს ცვლილებას, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნება. კობა გვენეტაძის ბრძანების ძალაში შესვლა 1 ნოემბერს იგეგმება. 

ცვლილება ფიზიკურ პირებს ეხება. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით უწესდება მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება მან აიღოს. აღნიშნული ლიმიტები ერთნაირად მძიმე იქნება როგორც დაბალშემოსავლიანი, ასევე მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის. ათიათასობით ადამიანს მნიშვნელოვნად გაურთულდება იპოთეკური სესხის აღება, შედეგად შესაძლოა უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც შემცირდეს.

რა ლიმიტებს აწესებს ეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის:

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტის ნაწილია შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტების განსაზღვრა. ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 6 საშემოსავლო საფეხური. წარმოდგენილია კოეფიციენტები არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის.

6 საშემოსავლო საფეხური, ეროვნული ბანკის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. თვეში 1000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 200 ლარამდე;
  2. თვეში 1000 -3000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 600 ლარამდე;
  3. თვეში 3000-5000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 1000 ლარამდე;
  4. თვეში 5000-7000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25%, ანუ 1750 ლარამდე;
  5. თვეში 7000-10000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30%, ანუ 3000 ლარამდე;
  6. თვეში 10000 ლარზე მეტი - ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს.

ასევე განსაზღვრულია ლიმიტები ჰეჯირებული მსესხებლებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც სესხიც და შემოსავალიც ერთსა და იმავე ვალუტაში აქვს ნომინირებული:

  1. თვეში 1000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 200 ლარამდე;
  2. თვეში 1000 -3000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25%, ანუ 750 ლარამდე;
  3. თვეში 3000-5000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30%, ანუ 1500 ლარამდე;
  4. თვეში 5000-7000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 40%, ანუ 2800 ლარამდე;
  5. თვეში 7000-10000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 50%, ანუ 5000 ლარამდე;
  6. თვეში 10000 ლარზე მეტი - ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს.

პარალელურად, დგინდება ერთიანი ჭერი თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი - იპოთეკაზე მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი დგინდება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი შეიძლება იყოს, ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

რატომ გაურთულებს ეს ცვლილება ასიათასობით მოქალაქეს სესხის აღებას?

აღნიშნული რეგულაცია მოსახლეობის ფართო ფენებისთვის პრობლემას ერთდროულად ორი მიმართულებით წარმოშობს:

  1. საქართველოში ბოლო მონაცემებით, საშუალო ხელფასი თვეში 940 ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს რომ საშუალო ხელფასის მქონე მოქალაქეს თვეში მხოლოდ და მხოლოდ 188 ლარის მოცულობის სესხის გადახდა შეუძლია. ეს წელიწადში 2256-ლარიან ლიმიტს წარმოადგენს. ეს ნიშნავს რომ საშუალო ხელფასის მქონე მოქალაქეს პრაქტიკულად უქრება განვადების მეშვეობით ერთდროულად რამდენიმე შენაძენის გაკეთების უფლება. მეტიც, მოქალაქეები, რომლებიც უკვე აჭარბებენ ამ ლიმიტს და სესხების მომსახურებაზე იხდიან მაგალითად 200 ლარს ახალი სესხის აღებას ვერ შეძლებენ. გადაუდებელი ხარჯების წარმოშობის შემთხვევაშიც კი ეს ადამიანები ახალ სესხს ვერ მიიღებენ, რის გამოც მათთვის ერთადერთი გამოსავალი არაფორმალური სესხი შეიძლება იყოს. ცვლილება მოსახლეობას იპოთეკური სესხების აღებასაც გაურთულებს. ადამიანებს, რომელთა შემოსავალიც 5000 ლარზე ნაკლებია პრაქტიკულად დაეკარგებათ ახალი სახლის შეძენის და მისი გარემონტების უფლება. ეს კი თავისმხრივ უძრავ ქონებაზე მთლიანი მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება.
  2. თუ მოსახლეობის ნაწილს ახალი ცვლილებები სესხის აღებაზე ლიმიტს უწესებს, მეორე ნაწილისთვის ეს სესხის აღების სრული აკრძალვაა. ამის მიზეზი ქვეყანაში არაფორმალური სექტორის განსაკუთრებულად დიდი ზომაა. 2017 წელს ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადს 1.18 მილიონი ადამიანი იხდიდა, შესაბამისად, ამ პირებს საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის დადასტურება მარტივად შეუძლიათ. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც არც სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევიან და არც საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან, შემოსავლის ოფიციალური დადასტურება გაუჭირდებათ. სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.76 მილიონი ადამიანი. თუმცა თუ საშემოსავლო გადასახადს მხოლოდ 1.18 მილიონი ადამიანი იხდის, გამოდის, რომ ნახევარი მილიონი შრომისუნარიანი ადამიანი რომელიც დასაქმებულად ითვლება, ოფიციალურად არცერთი თეთრის შემოსავალს არ იღებს. ისინი, ვისაც სტატისტიკა დასაქმებულად თვლის, რეალურად კი ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ, თვითდასაქმებულები არიან.

რეგულაცია საშუალოზე მაღალშემოსავლიან ადამიანებს ახალი ბინის შეძენის შესაძლებლობას შეუმცირებს. 

საფინანსო სექტორი რეგულაციის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

ახალ რეგულაციებს კომერციული ბანკები ეწინააღმდეგებიან, ისინი ამჟამად ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებებს მართავენ. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, რეგულაციის მიღება საბანკო სექტორს შეამცირებს.

"შემოდის კოეფიციენტების სისტემა, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის ფიზიკური პირების დაკრედიტების სისტემას. გარკვეული მოლოდინები გვაქვს და ვმუშაობთ მიმდინარე ეტაპზე ეროვნულ ბანკთან დებულების პროექტში გარკვეული ცვლილებების შესატანად. ვფიქრობთ რომ მოკლევადიან პერიოდში ამას ძალიან მძიმე დაწოლა ექნება სისტემაზე. 

ბანკი ამჟამადაც არ გასცემს სესხს შემოსავლების დადასტურების გარეშე. ვრცელდება თითქოს, ბანკი ქუჩაში პოულობს შემთხვევით გამვლელს და მას აძლევს სესხს. ეს ასე არაა. უბრალოდ საკანონმდებლო ბაზით არ რეგულირდებოდა ის თუ როგორ მოწმდებოდა კონკრეტული პირების შემოსავლები. ბანკები გარკვეული მოდელების მეშვეობით ანგარიშობდნენ შემოსავლებს და ამის მიხედვით გასცემდნენ სესხებს. 

ამ რეგულაციის მიღების შემდებ ჩვენ საკრედიტო პორტფელის კიდევ უფრო მეტად შემცირებას ველით. 

მოლოდინები არის, რომ აღნიშნული ცვლილების შემდეგ, არათუ ზრდაზე იქნება ორიენტირებული საიპოთეკო და სამოხმარებლო სესხების ბაზარი, არამედ შემცირებას ველოდებით. ეს იქნება დარტყმა საფინანსო სექტორის ზრდისთვის. 

რეგულაცია ძალიან მოკლე ვადაში შედის ძალაში, არანაირი ლიუფტი არ არის მიცემული იმისთვის, რომ ეტაპობრივად გადაერთოს ბაზარი,"- ამბობს სილქ როუდ ბანკის გენერალური დირექტორი და საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ძნელაძე. 

საბანკო სექტორს სებ-თან აქვს მოლაპარაკება იმის შესახებ რომ, მოქალაქეებს რომელთაც უკვე არსებული სესხები აქვთ და აჭარბებენ ახალ დადგენილ ლიმიტებს, ახალი სესხების აღების უფლება მიეცეთ და რეგულაცია გავრცელდეს მხოლოდ იმ სესხებზე, რომელთა აღებაც 1 ნოემბრის შემდგომ მოხდება. 

რა შედეგის მიღებას გეგმავს ეროვნული ბანკი ამ ცვლილებით

ეროვნული ბანკი ახალი რეგულაციებით ე.წ. ჭარბვალიანობის შემცირებას ისახავს მიზნად. სებ-ის შეფასებით, ის, რომ ქვეყანაში გაცემულ მთლიან სასესხო პორტფელში გაიზარდა ფიზიკური პირების წილი, გაზრდილი რისკის შესახებ მიანიშნებს.

“ხშირ შემთხვევაში, სესხები გაიცემა ისე, რომ არ ხდება მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა. საყურადღებოა, რომ ნახევარ მილიონამდე მსესხებელს საერთოდ არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი და ასეთი მსესხებლების 45 პროცენტს ვალდებულებებზე მიმდინარე ვადაგადაცილება აქვს. ეს სესხები უმეტესად მცირე მოცულობისაა, მათი უდიდესი ნაწილი 2500 ლარზე მცირეა. კრიტიკულად მაღალი ვადაგადაცილებები მცირე თანხებშია, თუმცა, მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ეს ვადაგადაცილებები მსესხებლების დიდ ნაწილს ეხება. ამ მოცემულობით, ფინანსური ინსტიტუტებისთვის მაღალია საკრედიტო დანაკარგების რისკი, და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე ამ ეტაპზე დაბალია, მაგრამ, საყურადღებოა, რომ ყალიბდება ფინანსური პრობლემების მქონე მოსახლეობის მზარდი მასა, რომელსაც ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე და უმცირდება ფორმალური ეკონომიკური აქტივობის მოტივაცია, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილდღეობასა და საბოლოოდ, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე”, - წერია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.

დარტყმა ეკონომიკურ ზრდაზე

საქსტატმა დღეს 2018 წლის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, აგვისტოსში ეკონომიკური ზრდა 2%-მდე დაეცა, რაც სხვა თვეებში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 2.5-ჯერ დაბალია.

საბანკო სექტორისთვის ახალი რეგულაციის დაწესება შესაძლოა, ეკონომიკურ ზრდაზე მძიმედ აისახოს. დაკრედიტების შემცირებით ქვეყანაში ერთობლივი მოთხოვნა შემცირდება, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები