Facebook

ჰაკერებმა Facebook-ის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის ანგარიშში შეაღწიეს

Reuters

პარასკევს ფეისბუქის მილიონობით მომხმარებელს საკუთარ ანგარიში გამორთული დახვდა [logged out]. Facebook-ის განცხადებით, ამის მიზეზი თავდასხმაა - უსაფრთხოების სისტემაში გარღვევის გამო ზიანი 50 მილიონ ანგარიშს მიადგა. 

კომპანიის განცხადებით, თავდამსხმელებმა ამისთვის გამოიყენეს ფუნქცია view as [ნახე, როგორც] და ამით მოახერხეს ადამიანების ანგარიშებში შეღწევა. Log out კი თავად ფეისბუქმა გამოიყენა, რათა თავისი მომხმარებლები თავდამსხმელებისგან დაეცვა. 

თავდასხმა სამშაბათს მოხდა და ამის შესახებ კომპანიამ პოლიციასაც აცნობა. 

Facebook-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაი როსენი ამბობს: "ჩვენ დავიწყეთ გამოძება, თუმცა, კვლავ გასარკვევი გვაქვს, რამდენად გამოიყენეს ეს ანგარიშები ბოროტად ან რა ინფორმაციაზე მოახერხეს მათ წვდომა. ჩვენ ასევე არ ვიცით, ვინ დგას ამ თავდასხმის უკან ან სად არიან ისინი განლაგებულები. ადამიანების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ძალიან ვწუხვართ, რომ ეს მოხდა". 

ცოტა ხნის წინ კი ფეისბუქის შემქმნელმა, მარკ ზაკერბერგმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება, თუმცა, ასევე: "სამშაბათს აღმოვაჩინეთ, რომ თავდამსხმელმა გამოიყენა ტექნიკური სისუსტე, რათა ჰქონოდა წვდომა ტოკენებზე, რამაც, თავის მხრივ, მას საშუალება მისცა, შეეღწია 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიშში". 

ზაკერბერგი ასევე ამბობს, რომ მათ არ იციან, რა დონეზე მოხდა ამ ანგარიშების გამოყენება, თუმცა, ამის კვლევას აგრძელებენ.

კომენტარები