ბახტაძე: თუ მოქალაქე ყიფიანს აქვს დამატებითი ინფორმაცია, შეუძლია მიაწოდოს შესაბამის ორგანოს

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოში ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და თუ სპორტის ყოფილ მინისტრს დამატებითი ინფორმაცია აქვს, შეუძლია შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს.

ასე მამუკა ბახტაძე რუსთავის მიერ გავრცელებულ ახალ ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა. "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის თქმით, ეს "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

"პროკურატურა იძიებს ამ ჩანაწერებს. თუ მოქალაქე ლევან ყიფიანს აქვს დამატებითი ინფორმაცია, მას შეუძლია მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს. საქართველოში არ არსებობენ ხელშეუხებელი პიროვნებები, არის კანონის უზენაესობა. არსებობს გამოძიება, სასამართლო, ქართული საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს. შეკითხვა ალბათ პირველ რიგში ლევან ყიფიანს უნდა დაუსვათ", - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

შეკითხვას, თუ ლევან ყიფიანი თავად არ ისაუბრებს ამაზე, მთავრობა დაინტერესდება თუ არა, პრემიერმინისტრი პირდაპირ არ პასუხობს. ის მხოლოდ იმას მბობს, რომ გამოძიებას ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მისცეს ჩვენება.

"პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს და ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მისცეს ჩვენება და ინფორმაცია, რომელსაც ფლობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვინმეს დაზარალებაზე, თუ ადამიანს რამე ფაქტები აქვს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონო ოქუაშვილს, მან ეს ერთ პაკეტად უნდა შეკრას და თავისი იურისტის ან ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს. ასე არის, როდესაც ხდება ცივილურად საუბარი და ადამიანის უფლებების დაცვა. როდესაც ამას აქვს რაღაც პროცესის შექმნის იმიტაცია, რა თქმა უნდა ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, მე მიჩნდება და საზოგადოების დიდ ნაწილს, გარწმუნებთ", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

გარდა ამისა, ქრთამის სახის 4 მილიონის მოთხოვნასთან დაკავშიერებით ოქრუაშვილის განცხადებას დღეს პრემიერმინისტრმა ღიმილისმომგვრელი უწოდა და თქვა, რომ ეს განცხადება ანეკდოტების სიაში შევა.

"აღნიშნული განცხადება შევა ანეკდოტების სიაში, რომელსაც ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ. ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევა, კახი კალაძე ვერტმფრენით გაფრინდა ყაზახეთში და მსგავსი ტიპის განცხადებაა ეს. როცა ეს წავიკითხე, იყო ღიმილისმომგვრელი, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს...", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, "ომეგა ჯგუფს" სახელმწიფოს წინაშე 51 მილიონის დავალიანება მართებს. ამ ვალის უდიდესი ნაწილი თამბაქოს მწარმოებელ კომპანია "ოჯთ"-ს უკავშირდება, რომელიც გასული წლების განმავლობაში მის მიერ წარმოებული სიგარეტის აქციზის გადასახადის გადახდას თავს არიდებდა. 

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. ერთ-ერთ ჩანაწერში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება. გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის. "ომეგა ჯგუფთან" საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გუშინ, 30 სექტემბერს კი რუსთავი 2-მა ახალი ჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა. ოქუაშვილის თქმით, ეს "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

კომენტარები