ივანიშვილი: მე მართლაც შევხვდი ზაზა ოქუაშვილს ერთჯერ და მართლაც დავეხმარე

ქართული ოცნების თავმჯდომარე "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელთან, ზაზა ოქუაშვილთან "ერთხელ შეხვედრას" ადასტურებს. ბიძინა ივანიშვილმა გუნდის წევრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ის ყოველთვის ეხმარება ბიზნესს. ვიდეოჩანაწერი ქართულმა ოცნებამ გაასაჯაროვა.

"რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას და ბიზნესზე ზეწოლას, ეს ყველაფერი ღიმილს იწვევს. ალბათ, წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი... მე მართლაც შევხვდი მას ერთჯერ და მართლაც დავეხმარე, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე, ან მიდის პრემიერამდე ან ხელისუფლების ნებისმიერ ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ.

მაგრამ სხვა დანარჩენი, გასაგებია, ეს ღიმილისმომგვრელია მხოლოდ, ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა და რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს შეგეკითხებიან თქვენ და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც უნდა უპასუხოთ, უპასუხეთ -  სადაა ეს ჩანაწერები, ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს, ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ" - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

გუშინ, რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ დახმარების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილმა მას 4 მილიონის გადახდა მოსთხოვა. მისივე ინფორმაციით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა. ოქუაშვილის თქმით, ეს მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

ზაზა ოქუაშვილი იხსენებს, რომ ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა, გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და მას მოუყვა აღნიშნულის შესახებ. შემდგომში კი, როდესაც ივანიშვილმა ამის შესახებ კვირიკაშვილისგან შეიტყო, ოთარ ფარცხალაძის ხელით ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა.

ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსნებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება.

ასევე მიმდინარეობს გამოძიება კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერის შესახებ. მათგან ერთერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ქრთამის გადახდას ავალდებულებს და ახსენებს, რომ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

კომენტარები