არჩევნები 2018

ბაქრაძე: უნდა შევცვალოთ ხელისუფლება ისე, რომ არ დავუშვათ რევანში და შურისძიება

ევროპული საქართველო

"ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში შევცვალოთ ხელისუფლება და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ქვეყანაში აღარასდროს დაბრუნდეს შურისძიების, რევანშის, ანგარიშსწორების ტალღა" - ამის შესახებ ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მხარდაჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. მან მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"თუ თქვენ არ მოხვალთ არჩევნებზე, სხვა გადაწყვეტს თქვენს მომავალს თქვენ მაგივრად" - აღნიშნა ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს კანდიდატის თქმით, მას ესმის, რომ გარკვეულ ადამიანებს ცვლილებების ეშინიათ.

"ეშინიათ, რომ ცვლილებებმა შეიძლება მოიტანოს არეულობა, აგრესიულ წარსულში დაბრუნება, შურისძიების და რევანშის ახალი ტალღა. მე მესმის ამ შიშის და თითოეულ ასეთ ადამიანს მინდა ვუთხრა - დიახ, სწორედ ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში შევცვალოთ ხელისუფლება და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ქვეყანაში აღარასდროს დაბრუნდეს შურისძიების, რევანშის, ანგარიშსწორების ტალღა. დღეს ხელისუფლების სურვილია, ისე წარმოაჩინოს ყველაფერი, რომ არჩევანი გვიწევს ცუდსა და უარესს შორის, თითქოს, ხელისუფლების შეცვლა მოიტანს უარესს. ამიტომ, ჩვენი ვალია ღიად ვუთხრათ ყველას, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ამავე უკეთესი ხვალინდელი დღისთვის არ უნდა დავუშვათ არანაირი შურისძიება, არეულობა და ანგარიშსწორება" - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები