ომეგა ჯგუფისა და იბერიას საქმე

ხაზარაძე: თიბისი ბანკი 8 საათამდე მუშაობს, ტყუილს უნდა შევეშვათ ყველა

0 კომენტარი
ფოტო: forbes.ge

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვით "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლების მიერ გადარიცხული 4 მილიონის ნაწილი, ოთარ ფარცხალაძის და გიორგი გახარიას დავალებით, თიბისი ბანკიდან არასამუშაო დროს, დაახლოებით 8-ის ნახევარზე გაიტანეს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბანკი 8 საათამდე მუშაობს უკვე 10 წელია და "ტყუილს და ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა".

"ზოგადად საზოგადოების პრობლემა არის ტყუილი და ტყუილის ტირაჟირება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ იყვნენ გულწრფელები და თავისი პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე. ეს არის ზოგადი კომენტარი და დეტალებს ნახავთ განცხადებაში. ყველაფერი გაკეთდა კანონის შესაბამისად. ჩვენი ბანკი მუშაობს 8 საათამდე, 10 წელია უკვე. ამიტომ შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ ყველა პროცედურა და სისულელეებზე არ მინდა, სიმართლე გითხრათ, კომენტარების გაკეთება. ბანკი არის სერვისის კომპანია და თუ თქვენ ხსნით კომპანიას თუნდაც 20 წუთით ადრე და თქვენ გაქვთ ფული, თქვენი დირექტორი კი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია რომ გაატანოს თანხა. რა შუაშია ერთი დღის და 10 დღის, თუ [კომპანია] რეგისტრირებულია და ბანკში არის წარმოდგენილი ყველაფერი, ეს არის მთელი ამის ამბავი. ტყუილს და ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა", - უთხრა ხაზარაძემ ტელეკომპანია პირველს.

შეგახსენებთ, რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ 4 მლნ მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა. ომეგას წარმომადგენლები ამბობენ, რომ რადგან კომპანია ერთი დღის დაფუძნებული იყო და თანხა გვიან გადაირიცხა, იმედი ჰქონდათ, რომ ანგარიშზე აისახებოდა, თუმცა TBC ბანკი გატანის საშუალებას არ მისცემდა.

"ლევანი ძალიან ნერვიულობდა მაშინ, დარბოდა, რეკავდა. უნდოდა, რომ დაერეგულირებინა ეს საკითხი, რომ ფულის გამოტანა მომხდარიყო. პასუხი არ მოდიოდა. რომ გახდა უკვე 18:00 საათი, ჩვენ გაგვიხარდა, რომ ვერ გამოვიტანდით ამ თანხას ვერანაირად. შვიდის ნახევარზე დავინახეთ, რომ შემოვიდა ბანკში ხაზარაძეც, ბუცხრიკიძეც და მესამე თანმხლები პირი, რომელსაც ვერ ვცნობ დღეს და არც მაშინ, ჩემთვის უცნობი პირი იყო", - ამბობს ომეგა 2-ის დირექტორი, გიორგი ქურდაძე რუსთავი 2-თან და აღნიშნავს, რომ ბანკი ზეწოლის ქვეშ იყო.

გარდა ამისა, რუსთავი 2-მა გუშინ, 1 ოქტომბერს მორიგი აუდიო ჩანაწერიც გაავრცელა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერით დასტურდება, რომ TBC ბანკიდან 4 მილიონის გატანის ოპერაციაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ ყოფილი ბიზნეომბუდსმენი და ამჟამინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. 

"გიორგიმ [გახარია] ცალკე დარეკა, ამან [ოთარ ფარცხალაძე] ცალკე დარეკა და გაგიჟდა ეს ბუცხრიკიძე, რომ ყველა მხრიდან ცალკე ის ურეკავდა, ცალკე ეს ურეკავდა", - ამბობს გავრცლებულ აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი. ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

კომპანია, რომელზეც ომეგა ჯგუფი საუბრობს, 2016 წლის 19 აპრილს დაფუძნებული შპს "ოლიმპუსია". რომლის მფლობელიც პანამური ოფშორი კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტსია. კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიას გადარიცხვამდე ბანკისთვის მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია. 

თავის მხრივ TBC ბანკი "ომეგა ჯგუფის" განცხადებებს კატეგორიულად ემიჯნება. განცხადებაში ბანკი აღნიშნავს, რომ ისინი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. 

"ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას. ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, TBC ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. TBC ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება" - აცხადებს TBC.

პარალელურად, მთავრობა "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს. 28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბიუჯეტის წინაშე არსებული 50-მილიონიანი დავალიანების დასაფარად "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანის უფლებას აძლევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები