სვეტი

საგამოძიებო სამსახური: "სვეტის" ხელმძღვანელებმა მენაშენეთა თანხების მითვისება განიზრახეს

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამშენებლო კომპანია "სვეტის“ ხელმძღვანელების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით). მოქალაქეთა გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე გამოძიება "სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისიდან მიმდინარეობს. 

"დგინდება, რომ ბრალდებულებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. სწორედ ამ მიზნით, დეველოპერული კომპანია სვეტმა 2016 წლის დასაწყისში დააანონსა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოიზიდეს ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ 5 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი.

"ამოღებულია დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ კავშირში მყოფი ორგანიზაციების: შპს „სვეტი დეველოპმენტის“, შპს „სვეტის“, შპს „სვეტი ჯგუფის“, შპს „სვეტი ნუცუბიძის“ და შპს „ვანკონსტრაქშენის“ საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია. პარალელურად, კომპანიების მიერ ქალაქ თბილისში (მირცხულავას ქუჩა N9/11, ჭყონდიდელის ქუჩა N22, ნუცუბიძის ქუჩა N125, წერეთლის გამზ. N27) და ქალაქ ბათუმში (თამარ მეფის ქუჩა N1) მშენებარე ობიექტებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, დაინიშნა და ამჟამადაც მიმდინარეობს საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზები.

ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ზემოხსენებული კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ყველა მენაშენე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიადგათ მატერიალური ზიანი, ცნობილ იქნებიან დაზარალებულებად“, - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "სვეტს“ ნებართვის გარეშე მშენებლობების გამო, მერიამ ყველა ობიექტის მშენებლობის უფლება შეუჩერა. კომპანიამ სახლები ვერ ააშენა და ამ დროისთვის, მას ასეულობით ადამიანის დავალიანება აქვს. დაზარალებული მენაშენეები დახმარებას რამდენიმე თვეა, ითხოვენ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ "სვეტს" სერიოზული დარღვევები აქვს.

"უკანონოდ ახორციელებდნენ მშენებლობას. ჩვენ არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში უკანონო მშენებლობები განახორციელონ. ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა" - ამბობდა კალაძე.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ "ნებართვების თვალსაზრისით" ყველაფერი გააკეთა.

"დავეხმარეთ ყველანაირად, მაინც მშენებლობას ვერ ახერხებს, ვერ ასრულებს პროექტებს. პარალელურად დაწყებულია გამოძიება, ჩვენ შევხვდით საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, სულ გვაქვს კონტაქტი ამ ადამიანებთან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა ჩვები კომპეტენციის ფარგლებში. როცა შესაბამისი სამსახურები დაასრულებენ საგამოძიებო პროეცესებს და შეგვეძლება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ სვეტის პროექტები დავასრულოთ და არ დარჩეს არც ერთი დაზარალებული ადამიანი. ხალხია უცხოეთშია წასული, შრომობენ, წვალობენ და იქიდან გადმორიცხული თანხებით შეისყიდეს ბინები და დღესაც გაურკვეველია, რა ბედი ეწევა" - აცხადებდა თბილისის მერი.

კომენტარები