საზოგადოებრივი ჯანდაცვა

ავსტრალია პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის

ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის პროგნოზის თანახმად, შემდეგი ოცი წლის განმავლობაში ავსტრალია საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმატებით აღმოფხვრის, თუ ის სკრინინგის და აცრების არსებულ სიხშირეს შეინარჩუნებს.

ავსტრალიაში საშვილოსნოს ყელის კიბოს ამჟამინდელი სიხშირე ყოველ 100 000 ქალში შვიდი შემთხვევაა, რაც გლობალური მაჩვენებლის ნახევარია. 2022 წელს საშვილოსნოს ყელის კიბო ყოველი 100 000 ქალიდან ექვსს განუვითარდება, 2035 წლისთვის კი 100 000 ქალიდან მხოლოდ ოთხს. 

2007 წელს ავსტრალიამ წამოიწყო სკოლებში ადამიანის პაპილომავირუსის იმუნიზაციის პროგრამა, რომლის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები 50 %-ით შემცირდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად საშვილოსნოს კიბო მეოთხე ყველაზე გავრცელებული კიბოს ფორმაა ქალებში. 2018 წელს მსოფლიოში საშვილოსნოს კიბოს 570 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

"არ ველოდი რომ მსგავსი რამ ასე სწრაფად მოხდებოდა. ამაყი ვარ, რომ მკვლევართა საზოგადოებას შეუძლია რეალური შედეგი მოიტანოს მსოფლიოს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში."- ამბობს ვაქცინის გამომგონებელი, იმუნოლოგი იან ფრეიზერი. 

შარშან ავსტრალიამ საშვილოსნოს სკრინინგის მეთოდი, პაპ ტესტი უფრო ზუსტი მეთოდით, პაპილომავირუსის სკრინინგით ჩაანააცვლა. მკვლევრების ვარაუდით, ეს ტესტი საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს, სულ მცირე, 20 %-ით შეამცირებს. 

კომენტარები