ლევან ყიფიანის საქმე

ყიფიანი: ოქუაშვილმა შემომთავაზა მაკომპრომატირებელი მასალის ჩაწერა, მე დავთანხმდი

0 კომენტარი

სასამართლოში ლევან ყიფიანის გამოკითხვა დასრულდა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ყიფიანმა ჟურნალისტებს უთხრა: 

"ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმის გამო, რა მდგომარეობაც შეიქმნა ჩემ ირგვლივ. 

რაც ხდებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, ყველამ უნდა იცოდეს. 

მე ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან. ისე არის წარმოჩენილი, თითქოს მე ვიყავი მიგზავნილი, არადა არა. მე ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი, მქონდა ხელშეკრულება და ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო, დამემყარებინა კონტაქტი როგორც ბიზნესის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა მომეხდინა კომპანიის ფინანსური რესურსის დაზოგვა და მის განვითარებაში წვლილის შეტანა. 

ამ ჩანაწერებში ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა, ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულში. ის პერიოდულად მიბრუნდებოდა, კომპანიიდან ხან გავდიოდი, ხან შემოვდიოდი. ბოლო შეხვედრისას შემომთავაზა, მივსულიყავი მასთან და დამიხატა ესეთ სურათი - რადგან ვიცი, ბიზნესი წნეხს განიცდის მისი უცხოელი პარტნიორებისგან, საქართველოში პრობლემები აქვს ბიუჯეტთან დაკავშირებული. ამიტომ, შემომთავაზა ჩაგვეწერა მაკომპრომატირებელი მასალა და მპირდებოდა, რომ ეს იყო შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში, იმისთვის, რომ დაერწმუნებინა და ის, რომ მე ყოფილი მინისტრი ვიყავი, ჩემი ოჯახის შვილობა იქნებოდა დამაჯერებელი, დაარწმუნებდა მათ, რომ ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და ის ვალდებულებების გადავადებას მოახერხებდა და ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოშიც.

ამის გამო, ის მომელაპარაკა. რადგან პრობლემა იყო ჩვენ შორის და ამას თავისი პარტნიორებს და დირექტორებიც დაადასტურებდნენ, რომ მე მას მუდმივად ვახსენებდი დავალიანებაზე, რომელიც მას ამ 3 წლის განმავლობაში დაუგროვდა ჩემ მიმართ, მე მას ვახსენებდი, რომ ეს გაესტუმრებინა. სწორედ ამაზე აპელირებით, რომ მე მივიღებდი იმ თანხას, თუ მას დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში. 

ხელშეწყობა იყო ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელება. 

ამის შემდეგ, მითხრა, რომ მას თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი, ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, დავხმარებოდი ამ კაცს და ბოლომდე ვყოფილიყავი მის გვერდით, განგვეხორციელებინა ერთობლივად. 

მთელი უბედურება ის არის, რომ ეს კაცი ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომლებიც ერთობლივად განვახორციელეთ, ისინიც კი დამონტაჟებულია. 

რა თქმა უნდა, მე ჩემს გავლენებს ვიყენებდი, ამისთვის ვმუშაობდი, ამისთვის გამაჩნდა ის ხელშეკრულება, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სასამართლოს და გამოძიების შემდეგ. მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამრომელი, რომლის უშუალო მოვალეობა იყო მოლაპარაკებების წარმოება", - თქვა მან. 

მან ასევე დაადასტურა 4 მილიონი ლარის გატანა თიბისი ბანკიდან და ის ნამდვილად იმყოფებოდა ბანკში, თუმცა, მისთვის უცნობია, "სად წავიდა ფული". 

რაც შეეხება სარდაფის ეპიზოდს, ყიფიანის თქმით, "ეს არის ფარსი და შეურაცხმყოფელი. ასეთი რამე არ ყოფილა".

ყიფიანისვე თქმით: 

"ოქუაშვილი საუბარში მისახელებდა ჩუბინიშვილის გვარს, მისახელებდა სხვადასხვა გვარს და ამას ერთობლივად ვახორციელებდით, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ეს იყო ისეთი შანტაჟი, ისეთი ქცევა, რომელიც მან გამოიყენა თავისი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე და გადაზარდა პოლიტიკურ ინტერესებში. მე მაინტერესებდა მხოლოდ ბიზნეს-ინტერესები". 

საქმის პროკურორის თქმით, ყიფიანმა მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ფარული აუდიო ჩანაწერების დამზადება და შემდეგ გავრცელება. 

კითხვაზე, დაიკითხება თუ არა ოთარ ფარცხალაძე, პროკურორმა უპასუხა: 

"გამოძიების ფარგლებში ყველა ის პირი დაიკითხება, ვინც შეიძლება ფლობდეს რამე ინფორმაციას. მოწმეს დაესვა ყველა ის შეკითხვა, რომელიც ეხება თანხის მიზნობრიობას და დანიშნულებას. ამაზე მეტ ინფორმაციას და კონკრეტულ შინაარსს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. ყიფიანმა თანხის გატანასთან დაკავშირებით დაადასტურა მიზნობრიობა და დანიშნულება", - თქვა პროკურორმა. 

ლევან ყიფიანმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ჩვენებას მხოლოდ სასამართლოს გზით მისცემს. გამოძიებას მასთან კითხვები ომეგა ჯგუფის საქმესთან და ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან აქვს. 

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების მიხედვით: 

ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

ზაზა ოქუაშვილის მიერ რუსთავი 2-ისთვის ინტერვიუს მიცემამდე გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების მიხედვით, ლევან ყიფიანი მას დიდძალი ქრთამის გადახდას სთხოვდა, რაზეც ის უარს აცხადებდა. უკანასკნელ ინტერვიუში კი თავად ოქუაშვილმა აღიარა, რომ ყიფიანი მან დაიქირავა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებაში. ასევე ოქუაშვილმა 4 მილიონის მოცულობის ქრთამის გადახდა აღიარა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები