არჩევნები 2018

რატომ არ მივიდნენ ქალთა მდგომარეობის შესახებ დებატებზე პრეზიდენტობის კანდიდატები

ქალთა მოძრაობის ინიციატივით გუშინ, 4 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები გაიმართა, რომლის თემა საქართველოში ქალთა მდგომარეობა იყო. 5 მოწვეული კანდიდატიდან შეხვედრაზე მხოლოდ ორი მივიდა - დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოდან" და დავით უსუფაშვილი "შენების მოძრაობიდან".

ტაბულა დაინტერესდა, რატომ არ იმყოფებოდნენ დისკუსიაზე სხვა კანდიდატები.

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ის 4 ოქტომბერს კახეთში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. კითხვას იმის შესახებ, რომ რადგან შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი, რატომ ვერ შეძლო ზურაბიშვილმა ამისთვის დროის გამონახვა, პრესსამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ მასთან მოსაწვევი არ ყოფილა გაგზავნილი. ტაბულა კანდიდატის საარჩევნო შტაბსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არანაირი პასუხი არ აქვთ.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ტაბულას უთხრეს, რომ ის დიპლომატებთან იმყოფებოდა შეხვედრაზე.

"დიპლომატებთან შეხვედრაზე იყო და დროში დაემთხვა სამწუხაროდ. აპირებდა მისვლას, მაგრამ დიპლომატებთან შეხვედრა ბოლო წუთს დადასტურებული ამბავი იყო, რომელიც სამწუხაროდ, ვეღარ შევცვალეთ", - ამბობენ პარტიის პრესსამსახურში.

შალვა ნათელაშვილის პრესსამსახურში კი ტაბულას უთხრეს, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატი ხურვალეთში, ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთანაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.

"გუშინ შალვა ნათელაშვილი ქალის უფლებების დასაცავად ჩავიდა ხურვალეთში, მაია ოთანაშვილის ოჯახში", - აღნიშნავს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

რაც შეეხება პრეზიდენტობის იმ კანდიდატებს, რომლებიც დისკუსიაზე მივიდნენ, მათ თავდაპირველად ქალთა უფლებების შესახებ მოკლე მოსაზრებები წარადგინეს, შემდეგ კი შეკითხვებს უპასუხეს.

დავით ბაქრაძემ თქვა, რომ აუდიტორია მასზე მეტად კვალიფიციურია და შეხვედრის მონაწილეებს ხუმრობით სთხოვა, "გაგებით მოეკიდონ" ამ ამბავს.

​"აუდიტორია, რომელსაც მივმართავ, ჩემზე ბევრად უფრო კვალიფიციურია ამ საკითხებში და ეს გარკვეულ დისკომფორტს ნამდვილად მიქმნის. გულახდილად გეტყვით, არც ისე ხშირად ხდება, რომ რაღაც კონკრეტულ თემაზე მთელი აუდიტორია ჩემზე უფრო კვალიფიციურია და მე მიწევს ამ დროს პოდიუმიდან საუბარი. დღეს ასეთი შემთხვევაა და წინასწარ ვაღიარებ ამას. გთხოვთ, რომ თუ რამეში ბოლომდე ვერ მოგყვებით თემატურად, გულმოწყალედ, როგორც ამბობენ ხოლმე და დღეს მოდაშია, გაგებით მოეკიდოთ ამ ამბავს. ეს საკითხები ნამდვილად არ არის ჩემი სპეციალიზაციის სფერო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაინტერესების, ჩართულობის და გულწრფელი ინტერესის სფერო ნამდვილად არის", - აღნიშნა მან.

ხუმრობით დაიწყო მისალმება დავით უსუფაშვილმაც. მას შემდეგ, რაც ის კანდიდატები გააკრიტიკა, რომლებიც დისკუსიაზე არ მივიდნენ, მან თქვა, რომ ქალთა უფლებების საკითხში სწორ გზაზე დგას.

"მე ამ საკითხში მაქვს სერტიფიკატი, რომ ვარ სწორ გზაზე ზოგადად ქალთა უფლებების საკითხში. იმიტომ რომ კახეთში, ქიზიყში დაბადებულმა და გაზრდილმა ახალგაზრდა მამაკაცმა თინა ხიდაშელს ვთხოვე ხელი და მასთან 20 წლის განმავლობაში ვარ ბედნიერ ოჯახურ და საქმიან ცხოვრებაში. ანუ ტესტი, გამოცდა იმის თაობაზე, შევძელი თუ ვერ შევძელი კულტურული გარემოს და სტერეოტიპების გადალახვა, [გავიარე]", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

პარლამენტის ორი ყოფილი თავმჯდომარისა და პრეზიდენტობის ორი კანდიდატის დისკუსია მშვიდ გარემოში წარიმართა. კითხვები დაისვა ოჯახში ძალადობის, რეპროდუქციული უფლებების, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ეკონომიკური გაძლიერების შესახებ. გარდა ამისა, აუდიტორიამ საპრეზიდენტო კანდიდატებს ჰკითხა მოსაზრებები სექსუალურ შევიწროებაზე, ლგბტ ადამიანების უფლებებზე, სექსუალურ განათლებაზე, შშმ პირთა უფლებებსა და სხვა საკითხებზეც.

აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად ორმა საკითხმა გამოიწვია - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ეკონომიკური გაძლიერება.

დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ქალთა ეკონომიკური აქტივობისთვის სპეციალური საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას არ ემხრობა, რადგან თუ ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის ექნება წამახალისებელი პროექტი, მაშინ სხვა ჯგუფებსაც უნდა ჰქონდეს. მისი აზრით, ეკონომიკაში სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა არც ქალს მოუტანს რაიმე ხელშესახებ შედეგს და არც ეკონომიკას.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, აქ კრიტიკა გამოიწვია იმან, რომ "ევროპულმა საქართველომ" რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის სპეციალური ზომის, კვოტის გამოყენებასთან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ბაქრაძემ განმარტა, რომ კანონპროექტიდან ამოვარდნილი იყო მაჟორიტარული კომპონენტი, მაშინ, როცა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კუთხით რეალური პრობლემა არის არა პარტიული სია, არამედ მდგომარეობა რეგიონებსა და მაჟორიტარებში. საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შევა კვოტების შესახებ ახალი კანონპროექტი, სადაც ეს და სხვა საკითხები გასწორებული იქნება, პარტიას თავისუფალი კენჭისყრა ექნება, რადგან ერთიანი პოზიციაამ ეტაპზე არ არსებობს.

"მე პირადად დავუჭერ მხარს და ამას ვამბობ საჯაროდ. მე მხარი არ დავუჭირე არა იმიტომ, რომ ვიყავი კვოტის წინააღმდეგი, არამედ იმიტომ, რომ ვიყავი იმ ფორმის წინააღმდეგი, როგორც ის შემოვიდა". - აღნიშნა ბაქრაძემ.

შეხვედრაზე კითხვა დასვა ეკა მესხიძემაც, რომელსაც, სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარე სქესის ნიშნით და სექსუალურად ავიწროებდა. მესხიძე დაინტერესდა დავით უსუფაშვილის აზრით და ხაზი გაუსვა, რომ ის იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელიც მას დევნის. 

არ ვიცი, მომავალში რა მელოდება. წინ მაქვს უამრავი სასამართლო და უნდა მომიწიოს იმის მტკიცება, რომ ნამდვილად ვიყავი დისკრიმინაციის მსხვერპლი. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როცა აღმოვჩნდები საარჩევნო ყუთთან, სწორი გადაწყვეტილება მივიღო და მოვისმინო თქვენგან რას მპირდებით, როგორ დამიცავთ. მე ვერ დამიცვა ჩემმა ქვეყანამ", - მიმართა მან უსუფაშვილს.

საპასუხოდ, პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რის გაკეთება სცადა მაშინ, როცა პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო შევიწროების შესახებ შეიტყო, რადგან შედეგი არ დამდგარა.

ერთადერთი, რისი თქმაც მე შემიძლია თქვენს კითხვაზე, რადგან ვიყავი იმ ხელისუფლების ნაწილი, იმ მინისტრის დანიშვნის მხარდამჭერიც და ა.შ, არის გულწრფელი ბოდიში იმისთვის, რომ თქვენ ამ ვითარებაში აღმოჩნდით. ამ ერთი სიტყვით ვერ შემოვიფარგლები და გეუბნებით მეორე სიტყვას, ასევე გულწრფელად - მადლობა. ცხოვრება ასეა, გვიწევს ხოლმე არაპროპორციულად დიდი ტვირთის ტარება ადამიანებს ხანდახან საჯარო, საქვეყნო, საზოგადო საქმისთვის. ეს ხან ჯარისკაცს მოუწევს ხოლმე, რომელიც ბრძოლის ველზე სიცოცხლეს ტოვებს, ხან ადამიანს, რომელიც არანაკლებ ბრძოლის ველზეა, როდესაც ამ ტიპის თემებს შეერკინება და ამითი არანაკლებს აკეთებს. ამიტომ ბოდიში და მადლობა, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით ამ კონკრეტულ თემაზე", - თქვა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტობის ორი კანდიდატის დისკუსია საქართველოში ქალთა მდგომარეობის შესახებ ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ორგანიზატორების თქმით, მნიშვნელოვანია, ვინ მივიდა შეხვედრაზე და ეს უკვე გამოხატავს მათ პოზიციას, რამდენად არის პრიორიტეტული ქალების უფლებები.

"იყო პრობლემური საკითხები და კითხვები, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ მომზადებულები, რაც აჩვენებს იმას, რომ თუკი საზოგადოებაში ინტერესი არის და ქალები კატეგორიულად აყენებენ გარკვეულ საკითხებს, თუკი ეს ხმა ისმის, ამ შემთხვევაში აქცევენ პოლიტიკოსები ამას ყურადღებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქალების დამსახურებაა დღეს ეს ადამიანები ამ თემებზე რომ საუბრობდნენ და არა მაინცდამაინც იმ პოლიტიკური ჯგუფების. თუმცა მაინც მადლობა, რომ შეხვედრაზე დათანხმდნენ და საკუთარი ხედვები გაგვიზიარეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ხედვები, რომლებიც ახლა განცხადების სახით იყო გაზიარებული, გადაითარგმნება იმ პოლიტიკაში, რაზეც საუბრობენ. სამომავლოდ ამას ველოდებით", - ამბობს იდა ბახტურიძე.

ის არ იზიარებს კანდიდატების ხედვებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და კვოტირების ნაწილში.

ქალთა მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, ბაია პატარაიას თქმით, ეს დისკუსია იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსები ორი საათის განმავლობაში პასუხობდნენ კონკრეტულ, პირდაპირ ქალებისგან წამოსულ შეკითხვებს.

"პასუხები იყო ნაწილობრივ კარგი და რაღაც მომენტებში ჩანდა, რომ ეს თემები ამ ადამიანებისთვის უცხოა და სიღრმისეულად არ იცნობენ, მაგრამ მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ - ახლა იწყება ეს პროცესი, ქალთა თემა გახდა პოლიტიკურად იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატს პირდაპირ ძალიან კონკრეტული კითხვა დაუსვა და ესაუბრო. მნიშვნელოვანია, რომ მოვიდნენ მომზადებულები და ეტყობოდათ, რომ იმეცადინეს და რაღაც საკითხებში კარგად გაერკვნენ. ეს დასაწყისია. შესაქებია ის ამბავი, რომ თუნდაც ორმა კანდიდატმა პასუხისმგებლობა იგრძნო, საკუთარ თავზე აიღო და ამ გამოწვევას გაუმკლავდა. ძალიან დასანანია, რომ პრაქტიკულად, ერთადერთმა ქალმა კანდიდატმა აბსოლუტურად ფეხებზე დაიკიდა და დააიგნორა ქალებთან შეხვედრა. ეს იყო პროფესიული ნიშნით შერჩეული აუდიტორია, რომელიც მუშაობს, არის სპეციალისტი ამა თუ იმ თემის, რომელიც ქალებს ეხება და ასეთი შეხვედრა აბსოლუტურად დააიგნორა. ასევე, ძალიან დასანანია, რომ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი აჰყვა და გაეჯიბრა სალომეს არ მოსვლაში, თავიდან აპირებდნენ", - ამბობს პატარაია.

მისივე განმარტებით, დისკუსიისთვის შეარჩიეს ის 5 კანდიდატი, რომელთა წარმდგენი პარტიები იყვნენ ყველაზე რეიტინგულები IRI-ის ბოლო კვლევის მიხედვით.

კომენტარები