ირაკლი კობახიძე

კობახიძე გვარამიაზე: ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება

პარლამენტის პრესსამსახური

„ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება,“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია რუსთავი ორის დირექტორის ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. კობახიძე გვარამიას პოსტს ისტერიულს უწოდებს და მას გრიგოლ ვაშაძის დაბალ რეიტინგს უკავშირებს. 

ნიკა გვარამია ზურაბიშვილის შემომწირველების შესახებ პოსტში წერდა, რომ „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან."

"ეს ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიასა და ნაციონალური მოძრაობის პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს. ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული 6 წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლაც აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციაზე თუმცა საპირისპიროს ადასტურებს ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო ჩართულობა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში." - თქვა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აკრიტიკებს, იმის გამო, რომ მათ გვარამიას განცხადებაზე მკვეთრი პოზიცია არ დააფიქსირეს და არ გააკრიტიკეს ის. კობახიძის თქმით ვინც ფაშიზმს ხელს აფარებს, ის თავად არის ფაშიზმის თანამონაწილე და ასეთი ადამიანები არასამთავრობოებშიც არიან. 

"საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია, მეტიც ერთერთმა მათგანმა კერძოდ, მიხეილ ბენიძემ გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.

სამოქალაქო სექტორის როლი და იდეა არის უმნიშვნელოვანესი მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ - ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური ურთიერთობების კონტექსტში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების მიზეზი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა, არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორისაც არიან." - ამბობს კობახიძე.

ნიკა გვარამიას ზურაბიშვილის შემომწირველების შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ დაწერა.

კომენტარები