ირაკლი კობახიძე

კობახიძე: გვარამიას დაცვით, ISFED-ის დირექტორმა მიხეილ ბენიძემ უკადრებელი იკადრა

საქართველოს პარლამენტი

"ნიკა გვარამიას დაცვით, ISFED-ის დირექტორმა მიხეილ ბენიძემ უკადრებელი იკადრა," - პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აკრიტიკებს, იმის გამო, რომ მათ გვარამიას განცხადებაზე მკვეთრი პოზიცია არ დააფიქსირეს და არ გააკრიტიკეს ის. კობახიძის თქმით ვინც ფაშიზმს ხელს აფარებს, ის თავად არის ფაშიზმის თანამონაწილე და ასეთი ადამიანები არასამთავრობოებშიც არიან. 

"საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია, მეტიც ერთერთმა მათგანმა კერძოდ, მიხეილ ბენიძემ გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და იდეა არის უმნიშვნელოვანესი მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ - ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური ურთიერთობების კონტექსტში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების მიზეზი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა, არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორისაც არიან." - ამბობს კობახიძე.

რუსთავი ორის დირექტორმა, ზურაბიშვილის შემომწირველების შესახებ პოსტი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან."

მიხეილ ბენიძემ რამდენიმე დღის წინ პრაიმტაიმს უთხრა, რომ გვარამიას ეს განცხადება სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და საარჩევნო კოდექსის რომელიმე მუხლი აგიტაციასთან დაკავშირებით, არ ირღვევა.
 

კომენტარები