ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე

ლომჯარია: საჭიროა ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება

სახალხო დამცველი

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა.

ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობა და მის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ხელისუფლებისთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. ომბუდსმენის შეფასებით, ამ საკითხის მიმართ ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

"საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობა სახელმწიფოს წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყანაში დღემდე არ არის შემუშავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო პროგრამები. ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადების კუთხით. დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ზომები არ არის საკმარისი სფეროს სათანადო განვითარებისთვის. გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება. პრობლემად რჩება ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი" - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წელს, ამ დღესთან დაკავშირებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაცია, საზოგადოების ყურადღებას ახალგაზრდების წინაშე მდგარ პრობლემებზე ამახვილებს. სწორედ ამიტომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა - ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად მსოფლიოში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის ცნობით, ფსიქიკური დაავადებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონე უკიდურესად დაბალია. შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, რათა გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს.

ნინო ლომჯარიას ამბობს, რომ ამ საკითხის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი და საჭიროა. სახალხო დამცველის ყურადღების ქვეშ მუდმივადაა ბავშვზე ზრუნვის პროცესში ჩართული პირების შესაბამისი გადამზადება.

"საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, გააქტიურონ მუშაობა არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, რათა სათანადოდ იქნას დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებები" - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

კომენტარები