ომეგა ჯგუფის და იბერიას საქმე

რა წერია ლევან ყიფიანის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

მთავარმა პროკურატურამ 9 ოქტომბერს ლევან ყიფიანის დაკითხვის ოქმი გამოაქვეყნა. ყიფიანი ომეგა ჯგუფის საქმეზე თბილისის პროკურატურაში დაიკითხა. 

ოქმის მიხედვით, ლევან ყიფიანმა გამოძიებასაც უთხრა, რომ მისი და ზაზა ოქუაშვილის საუბარი დადგმულია და მისი ჩაწერა შეთანხმებულად მიმდინარეობდა, რათა პოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან დავალიანების გადავადება გაადვილებოდა. თუმცა, ყიფიანი ამბობს, რომ ისინი დამონტაჟებულია და მათ ავთენტურობას არ ადასტურებს.

"ზოგი ეპიზოდი ზაზა ოქუაშვილმა და მე ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა - ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, როცა ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.

მიუხედავად ამისა, ჩანაწერები, რაც მედიით გავრცელდა, მაინც სრულიად გადამონტაჟებულია", - წერია ოქმში.  

მისივე თქმით, ოქუაშვილს საუბრების ინსცენირებაში ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა.. 

ყიფიანი ასევე საუბრობს იმ ფარულ ჩანაწერზე, რომელშიც ის ზაზა ოქუაშვილს 2 მილიონი დოლარის გადახდას სთხოვდა, აქედან 1 მილიონი ბიუჯეტში უნდა წასულიყო, "1 მილიონი კი იმ ხალხთან, ვინც გვემუშავა”, რაშიც, TI-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი იგულისხმება.

გუშინდელ ჩვენებაში ყიფიანი სხვა ვერსიას ყვება. კერძოდ, მისი თქმით, "არსებობდა თამბაქოს ბიზნესის აღორძინების იდეა, საქმეში პარტნიორი ვანო ჩხარტიშვილიც უნდა ყოფილიყო. იდეა თამბაქოს გაშენებას და შემდეგ თუთუნის წარმოებას გულისხმობდა, ვინაიდან საქართველოში დაბალი ხარისხის თამბაქო იწარმოება. პროექტი 20 მილიონი დოლარი ჯდებოდა. ყიფიანი ყვება, რომ ივანიშვილმა მას დახმარება აღუთქვა, თუმცა, პროექტს პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ მასში ოქუაშვილიც და ჩხარტიშვილიც ჩაერთვებოდნენ - თამბაქოს ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშე. 

"ვანო და ზაზა ბიზნესში 20-20%-ით შემოდიოდნენ და შესაბამისად, მათი ინვესტიცია უნდა ყოფილიყო 2-2 მილიონი დოლარი, ხოლო დანარჩენ თანხას მთლიანად აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი". 

ყიფიანმა თქვა, რომ ამის შემდეგ ივანიშვილთან შეხვედრა შედგა. ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ პროექტს თანაინვესტირების ფონდიდან დააფინანსებდა. 

2016 წლის აპრილში თიბისი ბანკიდან 4 მილიონი ლარის გატანის შესახებ ყიფიანი ოქუაშვილსგან განსხვავებულ ვერსიას ყვება. 

ოქუაშვილის ვერსია: 

ოქუაშვილმა თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძემ მას 2004-2005 წლებში მიყენებული ზარალის, 25 მილიონი ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ 4 მილიონი ლარის გადახდა მოსთხოვა. ფარცხალაძის თქმით, ოქუაშვილისთვის "გაიხსნებოდა ცისარტყელა და მისი პრობლემების მოგვარება დაიწყებოდა, ამისთვის კი 4 მილიონის მიტანა იყო საჭირო". 

ოქუაშვილმა 4 მილიონიერთი დღის წინ გახსნილი კომპანია ოლიმპუსის ანგარიშზე, რომელიც ოფშორში აღმოჩნდა დარეგისტრირებული. მისი თქმით, ვინაიდან მის დირექტორებზე ზეწოლა გაძლიერდა, გადაწყვიტა ერთგვარი ხრიკისთვის მიემართა - კანონმდებლობის თანახმად, ამ ოდენობის თანხას ნაღდი ფულის სახით სახით იმავე დღეს და ერთბაშად ვერ გაიტანდნენ, ამასთან, საღამოს 6 საათზე ბანკი მუშაობას ასრულებდა და ამ დროის შემდეგ ოპერაციების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. 2016 წლის 22 აპრილს ბანკმა 4 მილიონი ლარი ნაღდი ფულის სახით მაინც გასცა, მამუკა ხაზარაძესა და ვახტანგ ბუცხრიკიძეზე გიორგი გახარიას და ოთარ ფარცხალაძის ზეწოლის შედეგად. საბანკო ოპერაცია საღამოს 8 საათზე განხორციელდა.

ყიფიანის ვერსია: 

"ოქუაშვილმა მითხრა, რომ ოფშორული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა ფულს და მთხოვა დავხმარებოდი ამ კომპანიის დირექტორატს, რომელსაც ისევ „ომეგელები“ წარმოადგენდნენ, ფულის სწრაფ „გაქეშებაში“. ეს ჩემი მოვალეობა იყო და არაფერი ექსტრაორდინარული ამ დავალებაში არ იყო. ზოგადად, ოქუაშვილი იმ პერიოდში სულ ქეშით ოპერირებდა არამარტო პირადი ხარჯებისთვის, არამედ ბიზნესში. მახსოვს, მცხეთაში რაღაცას აშენებდა და ქეშით აფინანსებდა ხარჯების დიდ ნაწილს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ „ომეგას“ ჯგუფში შემავალი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში შესაძლოა მომხდარიყო მისი ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმართვა. ამავდროულად იმ პერიოდისთვის „ომეგა ჯგუფს“ გააჩნდა დავალიანება სს „საქართველოს ბანკის“ წინაშე, რომელიც ითხოვდა სესხის დაფარვას, შესაბამისად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ანგარიშზე თანხის გამოჩენა საფუძველს მისცემდა სს „საქართველოს ბანკს“ დაეყადაღებინა ანგარიშები.

მოკლედ, 2016 წლის აპრილში, ლონდონში გამგზავრებამდე, ზაზა ოქუაშვილი შემხვდა ოფისში და მითხრა, რომ მას სჭირდებოდა თანხის ე.წ. "გაქეშება“ და ვინაიდან თვითონ თბილისში არ იქნებოდა, მიმექცია ბიჭებისთვის ყურადღება, რათა პრობლემები არ შექმნოდათ. მითხრა აგრეთვე, რომ კომპანიის დირექტორებად ნიშნავდა „ომეგას“ ჩვეულებრივ თანამშრომლებს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს.

2016 წლის აპრილში, თარიღები ზუსტად არ მახსოვს, ორ ეტაპად მოხდა თანხის განაღდება, რომელიც მიიღო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ხაჩიშვილმა. მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში მე, ნიკოლოზ ასანიძე და გიორგი ქურდაძე, დავით ფანქველაშვილი და ალექსანდრე ხაჩიშვილი მივედით. თავიდან „თიბისი ბანკის“ ოპერაციების მმართველი უარს აცხადებდა ამ ოდენობის თანხის ერთჯერადად გაცემაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზაზა ოქუაშვილი და ზოგადად ჩვენი ჯგუფი იყო „თიბისი ბანკის“ კლიენტი, ბანკმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სწრაფად გასცეს თანხა. „გაქეშებულ“ თანხებთან მე შეხება არ მქონია და ორივე შემთხვევაში ეს ფული, რამდენადაც მახსოვს, დაბრუნდა ოქუაშვილის კუთვნილ „ბე ემ ვე“-ს ცენტრში. ქეშის ტრანსპორტირების ორგანიზებაც ოქუაშვილმა მოახდინა (მანქანები და ასე შემდეგ), მაგრამ იმის გამო, რომ მე ფულს არ გავყოლილვარ, გადაჭრით ვერ გეტყვით, „ბე ემ ვე“-ში მიიტანეს მერე ეს თანხები, თუ მის რომელიმე სხვა ოფისში, მაგალითად „იბერიაში“, - წერია ლევან ყიფიანის ჩვენების ოქმში. 

ლევან ყიფიანი ასევე უარყოფს, რომ .ე.წ "სარდაფის ეპიზოდი" რეალურია.

"რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს და მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა. ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მით უმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია". 

კომენტარები