ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

მწერალ ნინო ხარატიშვილის სიტყვა ფრანკფურტის ბაზრობაზე

რადიო თავისუფლება

ფრანკფურტის ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გერმანულენოვანი, წარმოშობით ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილიც წარსდგა. 

ტაბულა მის სიტყვას სრულად გთავაზობთ. 

(რადიო თავისუფლების თარგმანი):

"მე იმიტომ ვწერ გერმანულად, რომ შემიძლია გერმანულად ვწერო, მიყვარს ეს ენა და მჯერა, რომ ჩემი ქართული ამბების მოყოლა გერმანულად უფრო ზუსტად შემიძლია.

ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მომცეს საშუალება, მესწავლა ეს ენა და გავმხდარიყავი ამ კულტურის ნაწილი. ამაში ლიტერატურამ ძალიან დიდი როლი იქონია. წიგნები, რომელსაც მე გერმანულად ვკითხულობდი, არ იყო ჩემთვის უცხო, კითხვის დროს მე ამ კულტურის და ამ წიგნების ნაწილი ვიყავი. დიახ, მე მჯერა, რომ ლიტერატურას შეუძლია ამ საზღვრების შექმნა, რადგან ლიტერატურა არ არის საზღვრებში მოქცეული.

თუკი ჩვენ, სხვა ადამიანის ცხოვრება შეგვიძლია ვიგრძნოთ, ჩვენი თავის რელატივიზაციით შეგვიძლია ჩვენი თავი თვიდან აღმოვაჩინოთ.

ადამიანის უნარი ემპათიური იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნებს შეუძლია ამ ემპათიის გაღვიძება ადამიანში. როდესაც წერა დავიწყე, მე ვიყავი ქართველი ავტორი, მერე გავხდი გერმანელ-ქართველი ავტორი და ბოლოს გერმანელი ავტორი. უცნაურია, რომ ეს იყო გერმანულად დაწერილი წიგნი, მაგრამ 1300 გვერდი საქართველოს ეხებოდა. ანუ იმით, რომ მე სხვა ისტორიები მოვყევი, გავხდი გერმანიის ნაწილი.

საქართველო უკანასკნელი 27 წლის მანძილზე ცდილობს ბრძოლით დაიბრუნოს თავისი იდენტობა, რომელიც მას ანტიკური ხანიდან მოსდგამდა და რომელსაც საუკუნეების მანძილზე ყველა დამპყრობლისგან იცავდა. მაგრამ საქართველოშიც ბევრს ავიწყდება, რომ იდენტობა არ წარმოადგენს რაიმე ვიწრო ჩარჩოებში მყოფ უცვლელ სიდიდეს, ავიწყდებათ, რომ ვითარება და დრო იცვლება, რომ ისინიც უნდა შეიცვალონ. კულტურის სიმდიდრე იქიდან წარმოიშვა, რომ იგი გამტარუნარიანი იყო და შესაძლოა გაბედულიც. ის მზად აღმოჩნდა, გადაეღო და აეთვისებინა უცხოური კულტურა. ამიტომაც, ყველა ქართველი, რომელიც იჩენს ვაჟკაცობას და ბედავს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზღვრები, სხვა ადამიანების აღიარებას და თანაგრძნობას იმსახურებენ. ისინი იმსახურებენ ევროპულ ღირებულებებსაც.

საქართველოს ძალიან ბევრი ისტორია აქვს მოსაყოლი, ისინი ტრაგიკულიცაა, შეიძლება საშინელიც, მეორეს მხრივ, მათში ძალიან ბევრი იუმორია, იმიტომ რომ ბოლო ასწლეულების ცხოვრება საქართველოში ასეთი იყო. ეს არის ოკუპაციის, დაპყრობის ისტორიები, სიკვდილის ისტორია, იმპროვიზაციების ისტორია, გადარჩენის ისტორია, ეს გახლავთ იმედის ისტორია, ომის და დაკარგვის ისტორია, მწუხარებისა და უპერსპექტივობის ისტორია, მაგრამ ამასთანავე სიხარულის, იმედის, შესანიშნავი ადამიანების ისტორია, ამიტომ მინდა დავასრულო სწორედ ასეთი ამბით:

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს შემადგენელი ნაწილია საერთშორისო სამართლის მიხედვით, მაგრამ კონტროლდება რუსეთის მიერ, 2008 წლიდან მოყოლებული მცოცავი საზღვარი მდებარეობს. რუსული მავთულხლართები ყოველთვე ან შეიძლება ყოველ კვირას გადმოიწევა საქართველოს მხარეს.

ერთი ქართველი გლეხი საქართველოს ტერიტორიაზე თავის სახლში ცხოვრობდა, ხოლო ერთ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. აი ამ ადამიანის ისტორიამ, რომელმაც მტრის ტერიტორიაზე გაიღვიძა, მაგრამ, მიუხედავდ ოჯახის მოთხოვნისა, არ დატოვა სახლი, არ დატოვა შვილის საფლავი, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ვერ მოიგებდა, მაინც გადაწყვიტა ებრძოლა. მე წარმოვიდგინე მოხუცი ადამიანი, რომელსაც მზემ და ქარმა კვალი დაამჩნია, რომელიც დგას რუსი ჯარისკაცის წინაშე და ცდილობს აუხსნას, რატომ არ შეუძლია იმ მიწიდან წასვლა სადაც მისი შვილია დასაფლავებული. ჩემს წარმოდგენაში ის ამას მშვიდად აკეთებს. სულ, ყოველთვის იმეორებს თავის სათქმელს. ის არ აღიარებს ამ საზღვარს, ის კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ამ საზღვარს და ის აჩვენებს, რომ ეს საზღვარი სინამდვილეში სასაცილოა, შეიძლება ის იცინის კიდევაც, ის უბრალოდ არ აღიარებს ამ საზღვარს და ჯარისკაცი ერთ მშვენიერ დღეს ნებდება. შეიძლება ის ფიქრობს: კარგი დარჩეს ეს გიჟი ბებერი და შეიძლება თვითონაც ვერ ხვდება, რომ მან და მისმა ავტომატმა ძალა დაკარგა. ჯარისკაცი ვერ ამჩნევს, რომ ისტორიის ნაწილი ხდება.

ჩეხოვი ამბობდა "ადამიანები, რომლებიც მართლები, არიან ცუდ წიგნებს წერენ", ამიტომაც იმედი მაქვს, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი ამბავი გადალახავს საზღვრებს, დიდი მადლობა". 

კომენტარები