სამუშაო კვოტები

ემიგრანტების ლეგალური დასაქმების საკითხი დავით ბაქრაძემ ევროსაბჭოში დააყენა

ნეტგაზეთი

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის თქმით, მიგრაციაზე საუბრისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს ემიგრანტები ევროპის მოქალაქეებიც არიან. ბაქრაძემ ევროსაბჭოს საპარლანენტო ასამბლეას მიმართა და აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებს საზღვარგარეთ ეძებენ. 

"შრომითი მიგრაცია ურთულეს გამოწვევად რჩება, ამიტომ, მიგრაციის თემაზე არც ერთი დებატი არ იქნება სრულყოფილი, თუკი ჩვენ არ ვიმსჯელებთ შრომითი მიგრაციის შესახებ. 
ნება მომეცით, საქართველოს მაგალითი მოვიყვანო, რომელიც ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრმა ქართველმა დატოვა ქვეყანა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით. 
მაღალი უმუშევრობა, დაბალი ეკონომიკური ზრდა და საბანკო სესხის გადახდის უუნარობა - სწორედ ამ მიზეზებმა აიძულა ჩვენი მოქალაქეები წასულიყვნენ საზღვარგარეთ და იქ ეძებათ სამსახური. 

სამწუხაროდ, მათი უმეტესობა არალეგალური ემიგრანტის სტატუსით მიდის საზღვარგარეთ და მოკლებულია ლეგალური დასაქმების შესაძლებლობებს. აქ სწორად აღინიშნა, ემიგრანტების უმრავლესობა მამაკაცია. საქართველოს შემთხვევაში, პირიქით - სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით არალეგალი ემიგრანტების დაახლოებით 70% ქალია. 

არალეგალის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ მათთვის მიუწვდომელია ჯანდაცვა, უსაფრთხოება; არ აქვთ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, არ აქვთ ოჯახის - შვილების მონახულების შესაძლებლობა.

ამიტომ, მიგრაციისა და ოჯახის გაერთიანებაზე მსჯელობისას, აუცილებელია, გავითვალისწინოთ ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მოქალაქე" - განაცხადა ბაქრაძემ და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

"უპირველეს ყოვლისა, ევროპის ქვეყნების მოქალაქეთათვის, ცხადია, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც უნდა შეიქმნას ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები. შედეგად, მათთვის ხელმისაწვდომი გახდება ჯანდაცვის მომსახურება, ისინი იქნებიან მეტად დაცული და გაიზრდება მათი შემოსავალი. მეორეს მხრივ, მასპინძელი ქვეყანა შეიძენს ერთგულ, განათლებულ და კვალიფიციური კადრს; გადაჭრის არალეგალური ემიგრაციის უარყოფით ასპექტებს. 

ამისთვის ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. ევროკავშირს აქვს მსგავსი პრაქტიკა რიგ ქვეყნებთან მიმართებით და ასევეთივე პრაქტიკა შესაძლებელია ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატშიც. 

ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ ლეგალური დასაქმების კვოტების შემოღებას, მათ შორის, ცხადია, საქართველოსთვის" - განაცხადა ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ამისთვის საჭიროა პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან ინტენსიური მუშაობა.

"რათა უზრუნველვყოთ, რომ საზღვარგარეთ დასაქმებული ქართველების უფლებები ისეთივე დაცული იყოს, როგორც ევროსაბჭოს სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეთა უფლებებია დაცული.
ცხადია, მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად წყარო - ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაა საჭირო. ეს არის გზა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გავივლით. მაგრამ იქამდე, ათასობით ადამიანის [არალეგალი ემიგრანტის] უფლებებია დასაცავი. ევროსაბჭომ საქართველოს განვითარების მრავალი მიმართულებით აღმოუჩინა დახმარება. ვიმედოვნებ, რომ ერთად, თქვენი დახმარებით, ჩვენ ამ მიზანსაც მივაღწევთ" - თქვა დავით ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს წევრმა ქართველთა ლეგალურად დასაქმების საკითხზე აგვისტოში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა. მაშინ მერკელმა თქვა, რომ გერმანია მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. მერკელის თქმით, შეიქმნება კვოტა საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეთათვის, რათა მათ კონკრეტულ დეფიციტურ პროფესიებზე შეძლონ დასაქმება. 

კომენტარები