ქალზე ძალადობა

დღეს, 19:30-ზე ლამბალოდან გატაცებული გოგოს მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

0 კომენტარი

დღეს, 19:30-ზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლამბალოდან გატაცებული გოგოს მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

4 დღის წინ სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგო საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. დანაშაულს გატაცებულის უმცროსი და შეესწრო. თვითმხილველების თქმით, მათ ამოიცნეს ავტომანქანის მძღოლი.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიციამ იცის ვინ არის გამტაცებელი, მაგრამ სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გატაცებულ გოგონას ვერ პოულობენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • შეწყდეს აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ
  • გატაცებული გოგოს ძებნაში ჩაერთოს ყველა სახელმწიფო ორგანო, რომელსაც შეუძლია სამძებრო საქმიანობის განხორციელება
  • შსს მინისტრმა პირად ზედამხედველობაზე აიღოს ეს საქმე
  • გამოქვეყნდეს და გავრცელდეს გატაცებულის და გამტაცებლის ფოტოები, რათა საზოგადოება ჩაერთოს გოგოს ძებნაში
  • დაისაჯოს არა მხოლოდ გამტაცებელი, არამედ ყველა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა და ვინც არ შეატყობინა დანაშაულის შესახებ სახელმწიფოს
  • ხელისუფლებამ შეიმუშაოს ადრეული ქორწინებისა და გატაცების წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგია და ბოლო მოუღოს დისკრიმინაციულ დანაშაულს და პრაქტიკას საქართველოში

"საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებში ხშირია ცოლად მოყვანის მიზნით გოგოების გატაცება. ასეთ შემთხვევებზე საგამოძიებო სტრუქტურები პრაქტიკულად თვალს ხუჭავენ. პოლიცია ვერასდროს პოულობს გამტაცებელს, რომელიც ხშირად მეზობელ სოფელშია დამალული ნათესავებთან. სახელმწიფო ელოდება, როდის მორიგდებიან ოჯახები ერთმანეთში, შემდეგ კი ან სრულიად წყდება გამოძიება ან ფორმდება 5000 ლარიანი საპროცესო შეთანხმება. ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგოები ისეთი დაუცველები არიან საქართველოში, რომ მათ სკოლებს არ ამთავრებინებენ, ხშირად მშობლებს თვითონ დაჰყავთ 15-17 წლის გოგოები სკოლაში, რადგან მათთვის მარტო გადაადგილება სახიფათოა.
ეს მავნე პრაქტიკა არის სახელმწიფოს უმოქმედობით წახალისებული და ხელშეწყობილი ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაცია აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ,"- წერს ქალთა მოძრაობა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები