არჩევნები 2018

კალაძის თქმით, ენმ 19, 20 და 21 ოქტომბერს მანიფესტაციას მართავს

ქართული ოცნების პრესსამსახური

კახა კალაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი სამდღიანი წინასაარჩევნო მანიფესტაცია კანონის ფარგლებში წარიმართება. 

კალაძემ თქვა, რომ მერიაში პარტიის წერილი, რომ 19, 20, 21 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე წინასაარჩევნო მსვლელობა იგეგმება, 25 სექტემბერს შევიდა. 

„მანიფესტაციის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობად მითითებული აქვთ 100 000 ადამიანი. აღნიშნული შეკრება მონაწილეთა სიმრავლის გამო, ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო სავალი ნაწილის შეფერხებას გამოიწვევს. ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ თუ გზის გადაკეტვა გახდება საჭირო, გადაიკეტოს. თუ ამისი საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები, ასევე, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ. 

კალაძემ ასევე თქვა, რომ ეს მანიფესტაცია ენმ-ის მცდელობის გაგრძელებაა, დაიძაბოს ქვეყანაში არსებული სიტუაცია. მისივე თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, "ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს და ვინც რაიმე უკანონო ნაბიჯს გადადგამს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება". 

კალაძემ დაძაბულობის მცდელობის კონტექსტში ომეგა ჯგუფის საქმესა და მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზეც ისაუბრა. 

„ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია ცდილობს, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია. არ ვსაუბრობ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც რეგიონებში ხდება, კამპანიის დროს მივარდნებსა და მცდელობებზე, რომ შეხვედრები ჩაიშალოს. ისინი თავიანთი პროპაგანდით ცდილობენ, ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ და სხვადასხვა თემებს იგონებენ. ჯერ დაიწყეს გამოსვლებით, რაც ჩაუვარდათ. შემდეგ, ახალი თემა შემოიტანეს „ომეგასთან“ დაკავშირებით, რომ თითქოს, ხელისუფლება ამ კონკრეტულ კომპანიას ტელევიზიას ართმევდა. ეს სასაცილოა, რადგან „ომეგა“ თავის მფლობელს არ უნდა და მთავრობას საერთოდ რაში სჭირდება?!

შემდეგ ააგორეს ის თემა, თითქოს, ხელისუფლება ბიზნესს ართმევდა ამ კონკრეტულ ბიზნესმენს. ბიძინა ივანიშვილმა ის სახლში მიიწვია, ეჭვობდა, რომ საუბარს იწერდა და ოთხი მილიონის გამორთმევა თვალით ანიშნაო. მე  ივანიშვილის ადვოკატი ვერ ვიქნები, თუმცა ადამიანს, ჩვენს ქვეყანაში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს გაკეთებული და ეს აუდიტორულად დადასტურებულია. საზოგადოებამ და ქვეყნის მოსახლეობამ ეს ყველაფერი იცის. შემდეგ, შემოიტანეს სუბელიანის თემა და მოსახლეობას მიჭრილ-მოჭრილი ჩანაწერები აჩვენეს. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქვეყანაში რეალური სიტუაცია „მოდელირებული ქრონიკების“ გზით შეცვალონ, რაშიც კარგი გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა.

„კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს კონკრეტული მანიფესტაცია მათთვის კულმინაციაა, რომ ქვეყანაში სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ. მოდელირებული და შეთითხნილი ჩანაწერებით  არეულობის მოწყობა ვერ შეძლეს, ახლა კი, ამ აქციით ცდილობენ. ეს, რა თქმა უნდა, მერიის კომპეტენციას ცდება და დეტალებში არ შევალ. იმედია, შესაბამისი სამსახურები ამის შესახებ მომდევნო დღეებში სიღრმისეულად ისაუბრებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ტაბულას უთხრეს, რომ 19, 20 და 21 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა მანიფესტაცია, ზურაბ მელიქიშვილმა ასე გვიპასუხა: 

"დაწყნარდეს ბატონი კალაძე. 

რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, ყოველთვის ხდება წინსმსწრებად გარკვეული შეტყობინებების გაკეთება, თუმცა, კამპანია იმასაც მოიცავს, რომ მთელ რიგ შემთხვევაში, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დაგეგმვაში შედის გარკვეული კორექტირება. 

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატი, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ზუსტად მაგ დღეებში იმყოფება დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზუგდიდში, ბათუმში. ამას თავადაც იხილავთ. უნდა მიეჩვიოთ, რომ საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს კანდიდატის შტაბი და არა სამთავრობო წარმომადგენლები. 

საარჩევნო დაგეგმარებიდან გამომდინარე, ბატონი გრიგოლი ზუსტად ამ რიცხვებში არის დასავლეთ საქართველოში. რაც შეეხება მსვლელობას, სად გაიმართება და როგორ, ამას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია და არა ივანიშვილის მიერ დანიშნული მერები და გამგებლები. მთავარია მათ ხელი არ შეგვიშალონ არასდროს კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში", - თქვა მელიქიშვილმა. 

კომენტარები