ფარული აუდიოჩანაწერები

გვარამია: სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაქვეყნებლად

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყალბი ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს. 

გვარამიას თქმით, ტელეკომპანიას ჰყავს სანდო წყარო და სწორედ ამავე წყაროსგან შეიტყვეს, რომ ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ახალი ჩანაწერის გასაკეთებლად შევიდა, რათა მოგვიანებით ეს ჩანაწერები, პროკურატურას გაევრცელებინა.

"მე 14-შივე დავწერე სტატუსი, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში სწორედ იმიტომ, რომ ჩაწერილიყო  ეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ყალბი, ვითომ ფარული ჩანაწერი. ამაში უცნაური არაფერი არ არის. ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან და ეს წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას მყისიერად. შესაბამისად, ახლა ვიცით მაგალითად ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად. რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ. ამაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს. დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პაატა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას ვისთანაც მიმაჩნია რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. მაქვს ჩემი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით"- ამბობს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. 

გვარამია აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ზაზა სარალიძე იყო და იმ გეგმას თუ როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.

"დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების, გინდა მიშასთან, გინდა სხვასთან. და მათ შორის ის საკითხები, როგორ დავხმარებოდით მას აქციებში. როგორ დავხმარებოდით მას გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს. იმიტომ, რომ ჩვენს გარდა დამხმარე არ ჰყავს არავინ ამ ქვეყანაში",- ამბობს გვარამია. 

კომენტარები