არჩევნები 2018

"ქართული ოცნების" კვლევა - შეწონილი შედეგები: ზურაბიშვილი - 53%, ვაშაძე - 19%, ბაქრაძე - 17%

41.ge

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ე.წ. ალოკაციური კვლევის მეთოდით ჩატარებული შიდა პარტიული კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მაჩვენებელი 53%-ია. 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ანალოგიური მონაცემებით "ძალა ერთობაშიას" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 19%-იანი მხარდაჭერა აქვს, "ევროპული საქართველოს" კანდიდატ დავით ბაქრაძეს კი 17%-იანი. სხვა კანდიდატებს - 11%.

"აღნიშნული მონაცემები იძლევა შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალებას - სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. მეორე ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ ნაციონალური მოძრაობის ორივე შტოს - ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს და კანდიდატებს. როგორც ჩანს, ნაციონალურმა მოძრაობამაც კარგად იცის ამ მონაცემების რეალურად არსებობის შესახებ და სწორედ ამიტომ ცდილობენ პროცესების რადიკალიზაციას, რეალობის მოდელირებას, როგორც ეს სჩვეოდათ მათ წარსულში და მუდმივად აკეთებენ მინიშნებებს რევოლუციურ სცენარზე", - აღნიშნა მდინარაძემ.

დეპუტატმა ისაუბრა ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობის მხარდაჭერაზეც და განმარტა, რომ აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავენ. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, აქ მხარდაჭერა შემდეგია:

  • სალომე ზურაბიშვილი - 27%
  • გრიგოლ ვაშაძე - 10%
  • დავით ბაქრაძე - 9%
  • სხვა კანდიდატები - 6%
  • არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას - გამოკითხულთა 48%

დეპუტატის ინფორმაციით, კვლევა "ქართული ოცნების" პარტნიორმა ორგანიზაციამ, "ფსიქო პროექტმა" ჩაატარა. "ქართული ოცნების" წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია რა პერიოდში ჩატარდა გამოკითხვა, რამდენი ადამიანი გამოიკითხა და რამდენია ცდომილება.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ზოგადად შიდა კვლევების გამოქვეყნებას ერიდება, რადგან ის საარჩევნო კამპანიის სწორად დაგეგმვის მიზნით ტარდება, მაგრამ ინტერესი მაღალი იყო და გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს. გარდა ამისა, დეპუტატმა შიდა კვლევის შედეგების გამოქვეყნება განმარტა იმითაც, რომ მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არასწორი მოლოდინების შექმნა ხდება გაყალბებული მონაცემებთ.

"ნაციონალური მოძრაობის სპექტაკლები მიმდინარეობს წარუმატებლად. ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებს და ღირებულებებს, როგორებიცაა არის სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და მისი ღირსების დაცვა. აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ იმგვარი დანაშაულები, რომლებითაც მათი რეჟიმი წლების მანძილზე გამოირჩეოდა, იმთავითვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული. ამასვე ადასტურებს ამომრჩევლის განწყობა და შესაბამისი სოციოლოგიური კვლევების შედეგები", - აღნიშნა მდინარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია "ფსიქო პროექტის" 100%-იანი წილის მფლობელი ზურაბ ბიგვავაა.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა "ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებიც, რომლის შედეგად, უარებისა და გადაუწყვეტელი ხმების ანალიტიკური შეწონვითა გადანაწილებით, მხარდაჭერა ასე გადანაწიდლა:

  • დავით ბაქრაძე - 29% - ით:
  • გრიგოლ ვაშაძე - 28%;
  • სალომე ზურაბიშვილი - 21%; 
  • შალვა ნათელაშვილი - 10%;
  • დავით უსუფაშვილი - 6%;
  • სხვა კანდიდატები - 6%.

გარდა ამისა, რუსთავი 2-ის დაკვეთით კვლევა ჩაატარა ორგანიზაცია Edison Research-მაც. ამ შემთხვევაში, შეწონილი შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • გრიგოლ ვაშაძე - 22%.
  • დავით ბაქრაძე - 18%
  • სალომე ზურაბიშვილი - 15%
  • შალვა ნეთალაშვილი - 8%.
  • დავით უსუფაშვილი - 3%.
  • ზურა ჯაფარიძე - 2%.
  • სხვა კანდიდატი - 7%
  • კითხვაზე არ ვიცი ან არ უპასუხა - 25%.

კომენტარები