ფარული აუდიოჩანაწერები

პროკურატურა კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც, უწყების მტკიცებით, "მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი".

მისი ქრონომეტრაჟი თითქმის 3 საათია. წინა ჩანაწერისგან განსხვავებით, უწყება არ უთითებს, ვინ საუბრობს ჩანაწერებში, ასევე, არ არსებობს მისი ტრანსკრიტი/სტენოგრამა. 

"საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, კვლავ განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა ასაჯაროებს 2018 წლის 10 სექტემბრის ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.

ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. მირზა სუბელიანმა კი კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. ამასთან, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ი.პ უწყების ცნობით, ციხის თანამშომელია, რომელიც დააშანტაჟეს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოსთხოვეს პატიმარ სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. გამოძიება სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დაიწყო. 

პრკურატურამ ფარული აუდიოჩანაწერები ადრეც გაავრცელა. ქრონოლოგია ასეთია:

თადავპირველად რუსთავი 2-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.

რამდენიმე დღის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც ასევე სუბელიანი და ჯაფარიძე საუბრობენ. უწყების მტკიცებით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისითთარიღდება და რამდენიმე თვით წინ უსწრებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს. ეს ჩანაწერი რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ის გლდანის ციხეშია გაკეთებული და მასში ასევე სუბელიანი და ჯაფარიძე მონაწილეობენ. პროკურატურის ცნობით, ეთერში გასული აუდიო 11 ოქტომბრისაა.

ამის შემდეგ რუსთავი 2-ის ეთერში კიდევ რამდენიმე ჩანაწერი გავიდა, მათ შორის დღეს, 20 ოქტომბერსაც. რუსთავი 2-ის პარალელურად გაავრცელა ეს ჩანაწერი მთავარმა საგამოძიებო უწყებამ.

კომენტარები