ფარული აუდიოჩანაწერები

სარალიძე: მოწმეს, ვისი ჩვენების შეცვლაზეც საუბრობენ ჩანაწერში, ჩემთან საუბარი სურდა

0 კომენტარი
ფოტო: rustavi2

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთ მოწმეს მასთან შეხვედრა სურდა, რის შესახებაც მან შსს-ს შეატყობინა და ამის შემდეგ არასრულწლოვანი "გადაიკეტა". ზაზა სარალიძის აზრით, პროკურატურამ გასცა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოწმის საუბრის ჩაწერა უნდა მომხდარიყო.

"ვიღაც ვიღაცების სახელით შემეხმიანა თვითონ ეს ბავშვი, რომელსაც უნდოდა ჩემთან შეხვედრა და გასაუბრება მომხდართან დაკავშირებით. მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს პიროვნება აპირებდა ჩემთან შეხვედრას, რათა არ დაებრალებინათ ან მოწმეების მოსყიდვა, ან რამე. ეს ხდება 15 ივლისს. 15 ივლისს, როდესაც პროკურატურას გადაეგზავნა ეს ჩემი განაცხადი, ორშაბათს ეს ბავშვი გადაიკეტა. პროკურატურამ გასცა ეს ინფორმაცია, რომ ვაპირებდი ამ ბავშვთან შეხვედრას და აპირებდნენ ფარულ ჩაწერას რას ისაუბრებდა ეს ბავშვი და პროკურატურამ ეს საქმე გაყიდა, ასე რომ ვთქვათ", - ამბობს ზაზა სარალიძე.

მისივე თქმით, ზეწოლა პირველივე დღიდან მიმდინარეობდა ყველა მოწმეზე.

"ზოგზე ზეწოლა მიმდინარეობდა, ზოგი მართლაც სცემეს, რასაც პირდაპირ ადასტურებს მიხეილ კალანდია თავის ჩვენებაში, რომ გვერდით ოთახში მამაჩემს სცემდნენო და ჩემს ცემასაც აპირებდნენო", - აღნიშნავს სარალიძე რუსთავი 2-თან.

მისივე თქმით, ამ საქმის "შეკერვა" მირზა სუბელიანმა დაიწყო, რადგან მას აწყობდა მოწმეებს ჩვენება შეეცვალათ და მიხეილ კალანდიას სახელი არ დასახელებულიყო, რომელიც მისი ნათესავია და საქმის მასალების მიხედვით, მას სუბელიანის შვილმა დაურეკა.

"ამ საქმის შეკერვა მირზა სუბელიანის დავალებით დაიწყო და გაგრძელდა შემდეგ პროცესები. ავტომატურად, დაახლოებით ერთ თვეში პროკურატურას ძალიანაც რო სდომოდა, უკან ვეღარ დაიხევდა, ისე ჩახლართ​ული ჰქონდათ უკვე საქმე. საინტერესო რა არის იცით? მენაბდეზე არის ჩაწერილი დაკითხვის ფარული ჩანაწერი. იქ რაღაც-რაღაც დეტალებს ლაპარაკობს. კალანდიასაც ახსენებს, ძალიან საინტერესო დეტალებზე საუბრობს, მაგრამ პროცესზე შეცვალა ჩვენება, სულ სხვა რაღაცები ილაპარაკა", - თქვა სარალიძემ რუსთავი 2-თან.

მოწმე გ.მ.-ს ადვოკატი კი ტელეკომპანიასთან ამბობს, რომ არასრულწლოვანს ჩვენება არ შეუცვლია.

"არასდროს არ შეუცვლია ჩვენება, პირველი დღიდან ანალოგიური ჩვენებას აძლევს ეგ კაცი. ერთი და იგივეა  პირველი ჩვენებაც და ბოლო ჩვენებაც. საიდან მოვიდა ეს ამბავი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ჯერ ერთი, როდესაც პარლამენტის კომისიაზე იყო მისი გამოკითხვა, იმის მერე მე შეხება აღარ მქონია, აღარ შევხვედრივარ. ეგ როდის მოხდა, რა მოხდა, საერთოდ მოხდა ეგეთი რაღაც? იმიტომ რომ არ შეუცვლია კაცს ჩვენება და რანაირად შეიძლებოდა ვინმეს რამე სურვილი გასჩენოდა", - აღნიშნავს დავით დადიანი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-მა გუშინ, 20 ოქტომბერს კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, დავით ცუხიშვილს ესაუბრება. აუდიოფაილების მიხედვით, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი სუბელიანი დავით სარალიძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმისგან სასურველი ჩვენებების მისაღებად ქუჩის და ეკლესიის ავტორიტეტებს იყენებდა. ჩანაწერში ისმის, რომ დეკანოზის შვილის ჩვენების შეცვლა 10 ათასი დაჯდა. ცუხიშვილის თქმით, ფული ეკლესიის შესაწირ ყუთში ჩააგდო, თუმცა დეკანოზმა ათი ათასი არ აიღო და შვილს ჩვენება არ შეაცვლევინა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები