ბაქრაძე: რუსეთი ჰააგაში, საპასუხო სარჩელში არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის ციტატებს იყენებს

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პოზიციას და განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ უკვე იყენებს. დღევანდელ ბრიფინგზე ბაქრაძემ წარადგინა ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან.

"როგორც იცით, საქართველომ შეიტანა ჰააგაში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამ სარჩელთან დაკავშირებით, რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, შესაგებებელი სარჩელი, რომელშიც ერთერთ არგუმენტად მოყვანილია სწორედ ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. ეს არის უკვე მომხდარი და უკვე შემდგარი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ზურაბიშვილის მოსაზრებებს და მის ხედვებს იყენებს ოკუპანტი იმისთვის, რომ ჰააგაში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა" - განაცხადა ბაქრაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, რუსეთის საპასუხო სარჩელში ციტატის და არგუმენტის სახით პირდაპირ არის მითითებული სალომე ზურაბიშვილის წიგნის 137-139 გვერდები.

"ის მოსაზრებები, რომლებიც მას აქვს ჩამოყალიბებული 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ამას, რა თქმა უნდა, გადმოგცემთ ჟურნალისტებსაც და საზოგადოებასაც.

კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, რომელიც უნდა იყოს დეოკუპაციის და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების გარანტი. ამ დროს, ხელისუფლება გვთავაზობს კანდიდატს, რომლის ციტატებსაც არგუმენტის სახით იყენებს ოკუპანტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, საქართველის წინააღმდეგ, ჩვენი მთლიანობის და ჩვენი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად, ვინაიდან, ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი. დღეს წარმოვადგენთ საჯაროდ ამონაბეჭდს რუსეთის სარჩელიდან, რომ ყველა დარწმუნდეს, რომ მართლაც ეს არის ფაქტი, მართლაც რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი, საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს" - თქვა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაა, რადგან "საკუთარი მოსახლეობა დაბომბა და პროვოკაციას აჰყვა". შემდეგ განცხადებებში ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა დააზუსტა, რომ აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ, "რუსული სცენარის განხორციელებაში წვლილი სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიტანა".

კომენტარები