გერმანია

გერმანია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს საუდის არაბეთს იარაღის ექსპორტი შეუჩერონ

პიტერ ალტმაიერი
Reuters

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პიტერ ალტმაიერმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა გერმანიის მაგალითს მიჰყვნენ და საუდის არაბეთს იარაღის ექსპორტი შეუჩერონ, სანამ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ბოლომდე არ გამოიძიებენ.

"მთავრობა თანხმდება, რომ ჩვენ აღარ განვახორციელებთ იარაღის ექსპორტს, რადგან გვსურს ვიცოდეთ რა მოხდა." "ერ-რიადის მთავრობაზე შთაბეჭდილებას მხოლოდ მაშინ მოვახდენთ, თუ ყველა ევროპული ქვეყანა შეთანხმდება. პოზიტიური შედეგები არ დადგება, თუ ჩვენ შევაჩერებთ ექსპორტს, მაგრამ ამ დანაკლისს სხვა ქვეყნები შეავსებენ." თქვა მან.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კვირას თქვა, რომ გერმანია საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტს შეაჩერებს, სანამ სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ გაურკვევლობა არსებობს.

ალტმაიერი მერკელის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ საუდის არაბეთის მიერ გაკეთებული განმარტებები დამაკმაყოფილებელი არ არის.

მიმდინარე წელს გერმანიის მთავრობამ საუდის არაბეთისათვის 400 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის მიყიდვა დაამტკიცა. ალტმაიერის თქმით უკვე არსებულ შეთანხმებებზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჟურნალისტი "თვითნებურად მოქმედმა მკვლელებმა" მოკლეს და ოპერაციის შესახებ ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა და მეფე სალმანმა არაფერი იცოდნენ. მინისტრმა მომხდარს "საშინელი შეცდომა" უწოდა და თქვა, რომ საუდის არაბეთი მომხდარ გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის.

მანამდე საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა, რომ ხაშოგის საკონსულოში შელაპარაკება მოუვიდა და ის ჩხუბისას შემოაკვდათ. ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია. მანამდე კი საკონსულოს წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ხაშოგი არ მოუკლავთ და მან შენობა დატოვა.

საუდის არაბეთმა 18 ადამიანი დააკავა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს მუჰამედ ბინ სალმანის ორი მრჩეველი.

საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტოები ამბობენ, რომ მეფე სალმანმა და ტახტის მემკვიდრემ ხაშოგის შვილს, სალაჰს დაურეკეს და მიუსამძიმრეს. სალაჰ ხაშოგი საუდის არაბეთში ცხოვრობს და Wall Street Journal-ის მიხედვით მას მამის მოსანახულებლად ქვეყნის დატოვებას უკრძალავდნენ.

დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ ჟურნალისტის მკვლელობა დაგმეს. კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო საუდის არაბეთს რამდენიმე მილიარდი დოლარის თავდაცვის კონტრაქტის გაუქმებით ემუქრება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ საუდის არაბეთის მონარქს ესაუბრა და სარწმუნოა, რომ მან მართლაც არ იცოდა ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ და ოპერაცია თვითნებურად მოქმედმა მკვლელებმა განაცორციელეს. მან თქვა, რომ აშშ საუდის არაბეთთან იარაღის მიყიდვის შესახებ არსებულ შეთანხმებებს არ მიატოვებს.

მოგვიანებით ტრამპმა თქვა, რომ საუდის არაბეთის მხრიდან ტყუილები მოვისმინეთ და მას გაუხარდება, თუ მუჰამედ ბინ სალმანი მკვლელობაში გარეული არ აღმოჩნდება.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ედროღანმა თქვა, რომ მომხდარის შესახებ "სრულ სიმართლეს" სამშაბათს, პარლამენტს მოახსენებს.

ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები