ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ერთერთ მტკიცებულებებად სალომე ზურაბიშვილის განცხადებებია წარდგენილი პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება.
მისი თქმით, ბაქრაძის განცხადებები ჰააგის შესახებ არის სიცრუე: "დავით ბაქრაძის განცხადება ჰააგის შესახებ არის ტყუილი, რასაც მტკიცებულებით დავადასტურებთ".
"არავის მოგვწონს ის, როგორ წარმართავენ ოპოზიციური კანდიდატები საარჩევნო კამპანიას. ეს კამპანია მიმდინარეობს მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, ეს ხელს ნამდვილად არ შეუწყობს პოლიტიკური საარჩევნო კულტურის განვითარებას. საპირისპირო მაგალითს იძლევა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც წარმართა მთელი ეს კამპანია ევროპულ სტილში. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩვენთან საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ამისთვის მას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო", - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ წარადგინა ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ რუსეთის ფედერაცია ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, პოზიციასა და განცხადებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ უკვე იყენებს.
"როგორც იცით, საქართველომ შეიტანა ჰააგაში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამ სარჩელთან დაკავშირებით, რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, შესაგებებელი სარჩელი, რომელშიც ერთერთ არგუმენტად მოყვანილია სწორედ ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. ეს არის უკვე მომხდარი და უკვე შემდგარი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ზურაბიშვილის მოსაზრებებს და მის ხედვებს იყენებს ოკუპანტი იმისთვის, რომ ჰააგაში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა" - თქვა დავით ბაქრაძემ.
რუსეთის საპასუხო შესაგებელ სარჩელში ციტატის და არგუმენტის სახით პირდაპირ არის მითითებული სალომე ზურაბიშვილის წიგნის გვერდები.
კახა კალაძის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას რუსეთის მიერ ჰააგის სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წიგნის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებაზე.
"რა განცხადებებზე საუბრობთ, ქმედებებია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. რა განცხადებებზე ვსაუბრობთ საერთოდ. ნაციონალურ მოძრაობას, თქვენს ტელევიზიას [რუსთავი 2] თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა, 200-მდე სოფელი. დღეს ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და გამოდიხართ, საუბრობთ ომზე. ძალიან უხერხულია, ძალიან", - ამბობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება იყო, რადგან "საკუთარი მოსახლეობა დაბომბა და პროვოკაციას აჰყვა". შემდეგ განცხადებებში ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა დააზუსტა, რომ აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ, "რუსული სცენარის განხორციელებაში წვლილი სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიტანა".