უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

უკრაინის ავტოკეფალიის მაკურნებელი ხასიათი

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა
0 კომენტარი

ე.წ. "კიევის ეკლესიის" ისტორიული-კრიტიკული ანალიზი ცხადყოფს, რომ დაწყებული X ს-დან, დამთავრებული დღევანდელობამდე, ამ ტერიტორიაზე მრავალმა პოლიტიკურ-საეკლესიო ქარტეხილმა გადაიარა. თუ აღნიშნული ტერიტორია, თავიდან მიჩნეული იყო კონსტანტინოპოლის საყდრის კუთვლინებად, XV ს-ში იგი აღმოჩნდება რუსული გავლენის ქვეშ. XVII ს-ში კონსტანტინოპოლი კვლავ ცდილობს თავისი ძალაუფლების აღდგენას და იერუსალიმის პატრიარქის დახმარებით კიევში აკურთხებს ახალ მიტროპოლიტს, ხოლო ამავე საუკუნის მიწურულიდან, კიევი კვლავ ექცევა მოსკოვის დაქვემდებარებაში.

დღეს ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავეცნოთ საარქივო დოკუმენტებს, რომელიც წარმოდგენილია ფანარის მიერ იმისა დასამტკიცებლად, რომ "უკრაინის ეკლესიის" დედა-ეკლესია მუდამ იყო და არის კონსტანტინოპოლი. ფანარისგან გასხვავებით, მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ვერ ვიხილეთ დოკუმენტური მტკიცებულებანი თავიანთი არგუმენტების გასამყარებლად, გარდა იმ აშკარა სიცრუის პროპაგანდისა და სიძულვილის ენით საუბრისა, რომელსაც რუსული იმპერიალისტური ძალები ახორციელებენ.

ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, დავუშვათ, რომ რუსეთის ეკლესია არის უკრაინის დედა-ეკლესია. 1991 წელის, უკრაინის მართლამდიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) სინოდალურ მოთხოვნას ავტოკეფალიაზე, მყისიერი უარით უპასუხეს, რაც პრინციპში გახდა განხეთქილების წარმოშობის მიზეზი. ამ დროიდან მოყოლებული მოსკოვის საპატრიარქოს არ გადაუდგამს არცერთი რეალური და ქმედითი ნაბიჯი მათ მიერვე წარმოქმნილი სქიზმის აღმოსაფხვრელად. მეტიც, თუ 1991 წელს წარმოქმნილი სქიზმა რამდენიმე ეპისკოპოსისა და მათი მცირორიცხოვანი მრევლისგან შედგებოდა, ორი ათეული წლის თავზე მათი რაოდენობა 20 მილიონს მნიშვნელოვნად აღემატება. როგორც სჩანს, მოსკოვის მიერ გამოყენებული სასჯელის (ან უფრო დასჯის) ის ფორმა, რომელიც ავტოკეფალიის მომთხოვნთა მიმართ იქნა გამოყენებული (ვგულიხმობ, ფიგურანტი პირების ანათემიზირებას), ვერ აღმოჩნდა მაკურნებელი მეთოდი მათ წიაღში წარმოქმნილი განხეთქილების გადასალახად. ამ დაშვების გათვალისცინებითაც კი, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყდარი ძალმოსილია, იზრუნოს რა საერთო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობასა და სიმტკიცეზე, მოახდინოს, პირველი რიგში, კონფლიქტის მხარეთა შორის კოორდინაციის გაწევა (რასაც ის აკეთებდა კიდეც მოსკოვსა და კიევს შორის), ხოლო გადამწყვეტ ეტაპზე, ამის აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარ თავზე აიღოს პრობლემის მოგვარების ინიციატივა. კონსტანტინოპოლის ამგვარ ქმედებას კი მეტ დამაჯერებლობას სძენს მსგავს კონფლიქტურ სიტუაციებში მისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება.

უკრაინაში, აწ უკვე ანათემა მოხსნილი (ხოლო მრავალი წელი ანათემიზირებული) ფიგურანტების გამო, მათი მრევლის (20 მილიონი ადამიანი) სქიზმის დაძლევამდე არსებული ვითარებო მოკლედ რომ აღვწეროთ, მივხვდებით, თუ რაოდენ კატასტროფული იყო მრევლისათვის იმ სულიერ საზრდოსთან მოკლებულობა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან მათდამი დამოკიდებულებაში ვლინდებოდა. მრევლის უმრავლესობა, რომელიც პირადპირ უთანხმოებაშიც კი არ იმყოფებოდა არცერთ სტრუქტურულ საეკლესიო ორგანიზმთან, მოკლებული იყო სულიერ საზრდოს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული სასულიერო პირებისგან: არ უშვებდნენ წმინდა ზიარებაზე, არც სხვა საეკლესიო საიდუმლოზე და მიცვალებულს არ აეგებოდა წესი. მუდამ განსხვავებული იყო მსოფლიო საპატრიარქოს დამოკიდებულება მათ მიმართ: მრევლი დაიშვებოდა ზიარებაზე.

აქვე ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყრდის აპელაციის უფლებას, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ მართლამდიდებელ ეკლესიათა შორის უმაღლეს სასამართლო ისტანციას. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეს უფლება გამყარებულია ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების (451 წ.) IX და XVII კანონებით. კონსტანტინოპოლის საყდარი სარგებლობს რა აპელაციის უმაღლესი უფლებით, განიხილავს საჩივრებს იმ სასულიერო პირებისგან, რომელთაც თავიანთ ადგილობრივ ეკლესიაში გაიარეს ყველა სასამართლო ისტანცია და ვერ ჰპოვეს სამართალი. კონსტანტინოპოლისგან, როგორც უმაღლესი საეკელსიო სასამართლოს უფლების მქონისგან, თუკი მოსარჩლემ მიიღო გამამართლებელი დასკვნა, იგი ან უნდა დაუბრუნდეს იმ ეკლესიას, საიდანაც წამოვიდა (ან განკვეთეს / ანათემას გადასცეს), ან ავტომატურად მოექცევა მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში.

უნდა ითქვას, რომ სქიზმაში (განხეთქილებაში) ხვდება ის ადამიან(ებ)ი თუ საეკლესიო ერთეული, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ (ავტოკეფალურ) ეკლესიას გამოეყოფა კანონიკური, თუმცა არადოგმატური მიზეზებით, ან თავად ავტოკეფალური ეკლესია მოახდენს მის/მათ ანათემიზირებას. აქვე დავსძენთ იმასაც, რომ დოგმატური ხასიათის მიზეზით წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას გამოყოფა წარმოადგენს ერესს და არა სქიზმას. სქიზმის დროს, ადამიანი არ აღიქმება მადლისგან განცარიელებულად, სამღდელო პირზე მოქმედებს ქოროტონიით (ხელდასმით/კურთხევით) მიღებული მადლი, ხოლო თუ მღვდელმთავარია — გადადის სამოციქულო მემკვიდრეობის მადლი. სქიზმაში მყოფთა დოქტრინალური (საეკლესიო მოძღვრებითი) და ლიტურგიული მხრე სრულად იდენტურია მართლმადიდებლობისა.

წმინდა კანონების წაკითხვა-გამოყენება ხდება დროსა და კონტექსტში, არა სასჯელად, არამედ განსაკურნებელად; არა განხეთქილების (სქიზმა) წარმოსაშობად, არამედ ერთობის დასამტკიცებლად; არა შურისძიებისთვის, არამედ სიყვარულის და პატივისცემის წარმოსაჩენად. სწორედ ამას ემსახურება კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება უკრაინაში მოცემული მძიმე მდგომარეობის გადასალახად. და რომ არა რუსული იმპერიალისტური მანქანის ამ საკითხში ჩარევისა, რომელიც გამოიხატება, პირველ როგში, უკრაინაში მოსკოვს დაქვემდებარებული ეკლესიის წინააღმდეგობრივ ინსტრუმენტად გამოყენებაში, დღეს მოცემული ეკლესიათაშორისი დაძაბული ვითარება არ გვექნებოდა. არც უკრაინელი ავტოკეფალისტების მხრიდან და უკრაინელი ერის სრული უმრავლესობის მოთხოვნით პოლიტიკის ჩართულობა (პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართვა მსოფლიო საპატრიარქოს) და არც კონსტანტინოპოლის მხრიდან ამერიკული ძალაუფლების გამოყენება (რომელიც რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერაში გამოიხატა) — გადაწყვეტილების ინპლიმენტაციისათვის — არ გახდებოდა აუცილებელი.

რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ბოლო 30 წლის მანძილზე კონსტანტინეპოლს, მოსკოვსა და კიევს შორის უშედეგო დიალოგი წარმართვა. ფანარის მხრიდან ბევრი კომპრომისული დათმობის მიუხედავად, მოსკოვის მხრიდან დიალოგის არაერთხელ შეწყვეტა და საქმის ბოლომდე არ მიყვანა, რაც ნაკარვახევი იყო მისი პოლიტიკური ზეგავლენითა და მიზნებით — არ გადაეწყვიტა უკრაინის საკითხი დადებითად (შესაბამისად, არ გამხდარიყო უკრაინის ეკლესია დამოუკიდებელი/ავტოკეფალური), არამედ პირიქით, უკრაინა ყოფილიყო მოსკოვის იმპერიალისტური მიზნების – „მესამე რომის“ — მთავარი საყრდენი ძალა და განმახორციელებელი იარაღი.

შეიძლება, იმ კრიტიკულ კითხვას, რომელიც კონსტანტინოპოლის მისამართით დაისმის — თუ რატომ არ იღებდა ხმას აქამდე, თუ უკრაინა მისი კანონიკური ტერიტორიები იყო — პასუხი გაეცეს სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილების სულიერი ასპექტებიდან: განიკურნოს სქიზმა, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს შემოუერთდეს მილიონიბით მორწმუნე, აღდგეს ისტორიული სამართლიანობა, განთავისუფლდეს ეკლესია იმპერიალისტური მარწუხებისგან. ვისაც ეს მიზეზები პათეტიკურად ეჩვენება, მისთვის უცხოა წმინდა კათოლიკე ეკლესიის დანიშნულება და მისი სულიერი მისია ამქვეყნად, უცხოა წმინდა კანონების არა სადამსჯელო მიზნებისთვის გამოყენება (როგორც ამას მოსკოვის საპატრიარქო აკეთებს), არამედ წმინდა კანონების, პირველ როგში, მაკურნებელი ხასიათი. ეს კურნება არის ის, რაც ათავისუფლებს პირობნებას (თუ კრებულს) ბოროტი ძალების (იქნება ეს იდეოლოგიური თუ პირადი ცოდვით განპირობებული) ზეგავლენისაგან და ხდის მას/მათ ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სრულფასოვან წერვს, მიზნად ღმრთის სამეფოს დამკვიდრებისა.

ირაკლი ჯინჯოლავა არის მიუნხენის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი თეოლოგიის დოქტორანტი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკონი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები