არჩევნები 2018

ხოშტარია: მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტონ აგიტაციები საარჩევნო უბნებზე

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა: "მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ეს არის ის დღე, როდესაც თქვენ შეგიძლიათ პასუხი გასცეთ უსამართლობას, ეს არის ის დღე, როდესაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ხმით, თქვენი გადაწყვეტილებით შეცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი."

მისი თქმით, უკვე დაფიქსირდა ქართული ოცნების მხრიდან დარღვევები საარჩევნო უბნებზე: "რაც შეეხება დარღვევებს, მასობრივად უბნებზე ქართული ოცნების წარმომადგენლები დადიან მაისურებით, 48 ნომრით, უბნების შიგნით, რაც არის დარღვევა და რაც ყველაზე სასაცილოა ამას აკეთებენ არასამთავრობო ქოლგის ქვეშ გაფორმებული ადამიანები, მაგალითად ერთერთი არასამთავრობო "ობსერვატორები", რომელიც ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნები ხალხია, რა თქმა უნდა ეს კანონდარღვევაა, უბნის შიგნით აგიტაციური მაისურით სიარული. სასაცილოა ისიც, რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად არ უჭირს ხალხი, მთელი ადმინისტრაციული რესურსი აქვს მობილიზებული, მართლაც სასაცილოა, როცა ესეც არ ჰყოფნით და მაისურებით ატარებენ ადამიანებს. ეს მეტყველებს მათ შიშზე და მათ სისუსტეზე და მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ მსგავსი აგიტაცია

ასევე უბნებზე წილის ყრის გარეშე მოხდა ფუნქციების განაწილება, როდესაც მამუკა მდინარაძე მოგონილ კანონდარღვევებზე გვესაუბრებოდა, თითქოს არ აქვს ოპოზიციას უფლება არ მიიღოს მონაწილეობა წილისყრაში, რის უფლებაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ჯობს მიხედონ თავიანთ დარღვევებს.

რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, თუ ყველა მოვა არჩევნებზე და დააფიქსირებს თავის ხმას, ვერანაირი მანიპულაცია ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავა და ჩვენ მშვიდობიანად მივიღებთ იმ შედეგს რასაც გადაწყვეტს საზოგადოება." - ამბობს ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

კომენტარები