არჩევნები 2018

ჩუგოშვილი: ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ზურაბიშვილი იმარჯვებს პირველივე ტურში

ქართული ოცნების დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის მტკიცებით, "ამ დროისთვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს არჩევნების პირველივე ტურში". ჩუგოშვილი იქვე აღნიშნავს, რომ კენჭისყრის დასრულებამდე სამი საათია დარჩენილი და საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტივობაზე. ის მოუწოდებს მოსახლეობას, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ თავიანთი ნება.

"არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპონენტები გეგმავენ დღის მეორე ნახევარში გარკვეულწილად ვითარების დაძაბვას" - ამბობს ჩუგოშვილი და დამკვირვებლებს მოუწოდებს, ხელვაჩაურის და ბოლნისის ოლქებს მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. 

ქართული ოცნების დეპუტატის თქმითვე, ამომრჩევლის მობილიზაცია "სრულიად კანონიერია".

თამარ ჩუგოშვილი ასევე გამოეხმაურა "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციას, რომ არჩევნებში ის იმარჯვებს.

"ეს ნამდვილად არ არის ასე, გრიგოლ ვაშაძე ნამდვილად არ ლიდერობს. ენმ ალბათ ცდილობს, გარკვეულ დაბნეულობაში შეიყვანოს მოსახლეობა" - თქვა ჩუგოშვილმა.

საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 20:00-ზე დაიხურება.

კომენტარები