არჩევნები 2018

მელია: დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული

წინასწარი მონაცემებით უპირობოდ მარცხდება ხელისუფლების კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე.- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

მელია ამბობს, რომ გაყალბება და მანიპულაციები, მასშტაბურად გამომჟღავნდა სხვადასხვა ვიდეო და აუდიო მტკიცებულებების სახით.

"საქართველოს ისტორიაში ტარდება არჩევნები, შევარდნაძის პერიოდის ჩათვლით, ამ მასშტაბის გაყალბება, ამ მასშტაბის მანიპულაციები, საარჩევნო უბნებში არ ყოფილა არასდროს გამომჟღავნებული აუდიო და ფოტო მტკიცებულებების სახით. საზოგადოება, მთელი ქვეყანა, მთელი დღის განმავლობაში თვალს ადევნებს, თუ როგორ ატრიალებენ კარუსელს, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიჰყავთ ადამიანები, განსაკუთრებით საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნებზე და მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად, მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი",- ამბობს მელია.

მისივე თქმით, "ძალა ერთობაშია" საგანგებო მდგომარეობაში გადადის რათა დაიცვას ამომრჩევლის ხმები.

"ხელისუფლებამ ამოწურა ძალდატანებით უბნებზე მისაყვანი ხალხის რესურსი. ახლა დარჩა მთავარი 5 საათიდან 8 საათამდე უნდა დავიცვათ, თითოეული ქართველის ხმები ყველ საარჩევნო უბანზე, გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აიძულებთ თქვენ დაქვემდებარებაში მყოფ მაღალჩინოსნებს ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც აუცილებლად მოუწევთ მათ პასუხისგება. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს თქვენ არ გიშველით, იმიტომ რომ კალენდარში დღეს არის 2018 წელი",- თქვა ნიკა მელიამ. 

კომენტარები