არჩევნები 2018

ISFED: ყველაზე ხშირად ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედებას ცდილობენ

ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უბანზე ყველაზე ხშირად ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა გამოვლინდა.  

  • ტყიბულის საარჩევნო ოლქის #2, #5, #29 და #31 საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც შენობის შიგნით სადაც უბნებია განთავსებული, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სალომე ზურაბიშვილის და „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც შედგენილი სიებით ამოწმებენ ამომრჩეველთა გამოცხადებას არჩევნებზე. ერთ-ერთ უბანზე იმყოფებოდნენ ასევე საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. მათსა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. 
  • კვლავ გრძელდება პარტიის აქტივისტების/წარმომადგენლების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზება უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისთვის მსგავსი ფაქტები გამოვლინდა #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #3 და #5 საარჩევნო უბნებზე; #17 თელავის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევო უბანზე; 
  • #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #4 და #5 საარჩევნო უბნების და #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #29 უბნის მიმდებარედ მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აღრიცხავენ მისულ ამომრჩევლებს. 
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე ნახევარ საათიანი ინტერვალით მოჰყავდათ ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით, რაც სავარაუდოდ ხორციელდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ. 
  • დედოფლისწყაროს #14 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბნის წინ დგას სამი ქალი რვეულებით და სიებით. დამკვირვებლის კითხვაზე, რომელ სუბიექტს წარმოადგენენ ერთ-ერთმა უპასუხა, რომ წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის შტაბს. ისინი მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ.
  • საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქის #9 უბანზე, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელს დაურეკა სავარაუდოდ გარეთ მდგომმა კოორდინატორმა და უთხრა, რომ უბანზე ამ დროისთვის სულ მოსულია 90 ამომრჩეველი და აქედან "მათი" არის 70. ასევე გამოთქვა წუხილი დაბალი აქტივობის გამო.
  • ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #48, #77, #78 და #26 საარჩევნო უბნების და ზესტაფონის #51 საარჩევნო ოლქის #47 უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებულია ხალხი, რომელთა შორისაც სავარაუდოდ არიან როგორც პარტია „ქართული ოცნების“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. 
  • ასევე, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #31, #81, #66, #23, #48 უბნებზე დაფიქსირდა რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნაკადის მომწესრიგებელთან ერთად დგანან და ონლაინ აპლიკაციით ამომრჩეველთა ბაზაში ამოწმებენ მისულ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობის საფუძველზე.

კომენტარები