გირგვლიანის საქმე

გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

0 კომენტარი
დათა ახალაია

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დავით ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით (დათა) ახალაია დამნაშავედ ცნო.

გთავაზობთ პროკურატურის განცხადებას:

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე-ბარ ,,შარდენბარში“, სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე. გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

დანაშაულში დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დანაშაულთან შემხებლობის გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ივანე მერაბიშვილის, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩანა ახალაიას და მისი ძმის დავით ახალაიას მიერ, ურთიერთშეთანხმებულად დაიგეგმა და მათზე დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების გამოყენებით განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაციის და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. კერძოდ, ივანე მერაბიშვილმა საქმის გამოძიების ხელმძღვანელობა დაავალა თავად დანაშაულის ორგანიზატორს დავით ახალაიას.

თავის მხრივ, დავით ახალაიამ, 2006 წლის თებერვლის მეორე ნახევარში, გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები შეკრიბა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა, არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სანაცვლოდ კი თითოეულ მათგანს დაჰპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელისგან ხანმოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ. ასევე თითოეულს დაჰპირდა საპატიმროში ყოფნის პერიოდში, ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ თანხებს და სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგირებული პირობების შექმნას.

აღნიშნულის შემდგომ ივანე მერაბიშვილის, დავით ახალაიას და შს სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება იმგვარად დაიგეგმა და წარიმართა, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ მხოლოდ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებს, ხოლო დავით ახალაია და სხვები უკანონოდ აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისგან.

დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს დავით ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია, ამავე დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ხოლო დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილე - დავით ქოქიაშვილი საერთოდ განრიდებულ იქნა საქმიდან.

დავით ახალაიას მიერ მიცემული დაპირების გასამყარებლად და მორალური მხარდაჭერის გამოსახატად, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს ე.წ. „მოდულის“ შენობაში არსებულ წინასწარი დაკავების საკანში, იქეიფა მათთან ერთად საკანში გაშლილ სუფრაზე, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ და უთხრა, რომ არანაირი პრობლემები არ ექნებოდათ დავით ახალაიას მიერ მათთვის მიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა კიდეც.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად ჯანმრთელობის დაზიანების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: გერონტი ალანიას თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და ექვსი თვით, ხოლო მიხეილ ბიბილურიძეს, ავთანდილ აფციაურს და ალექსანდრე ღაჭავას - 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

  • პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბაჩანა ახალაიას ძალისხმევით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით.

გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულში დავით ახალაიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ თითოეულს 100 000 აშშ დოლარი.

2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა პირობით ვადამდე გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რაც მოგვიანებით განხორციელდა კიდევაც.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გარდა, დავით ახალაიას მიერ, ანალოგიური ხელწერით, განხორციელებული იქნა ძალადობრივი დანაშაული. გამოძიებით დადგინდა, რომ

2005 წლის სექტემბერში, ვ.ა.-სთვის მეგობარი ქალისგან ცნობილი გახდა, რომ მას მობილურ ტელეფონზე, ,,დათოს“ სახელით, უცნობი მამაკაცი უკავშირდებოდა და შეხვედრას სთხოვდა. 2005 წლის 2 ოქტომბერს, დავით ახალაიასა და ვ.ა.-ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ვ.ა.-მ მას მოსთხოვა, რომ მისი მეგობარი გოგო აღარ შეეწუხებინა. ხსენებული სატელეფონო საუბარი შეკამათებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის გამოც, განაწყენებული დავით ახალაიას ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით 2005 წლის 5 ოქტომბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა, სამსახურებრივი რესურსის გამოყენებით, თავისუფლების მოედნიდან ვ.ა. და მასთან მყოფი მეგობარი - კ.დ. გაიტაცეს, ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს და დასჯის მიზნით, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი დაზარალებულები სასტიკად გააფრთხილეს, რომ მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, როგორც მათი, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდებოდა ლიკვიდაცია, რის გამოც მათ აღნიშნული ფაქტი პოლიციაში არ განუცხადებიათ.

სასტიკად ნაცემი ვ.ა. ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა განხორციელებული მუქარის შიშით ვ.ა.-მ მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და შემდგომი ერთი თვის განმავლობაში ოჯახში მკურნალობდა.

მოცემული საქმის სასამართლო განხილვისას დაკითხული იქნა სახელმწიფო ბრალდების 60-მდე მოწმე და გამოკვლეული იქნა 32 ტომად წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ახალაია გირგვლიანი-ბუხაიძის ეპიზოდებზე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით), 25, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ), 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე , ე.ი. მოხელის მიერ ყალბი ცნობის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, პირადი მოტივით), ხოლო აბულაშვილი- დაბრუნდაშვილის ეპიზოდზე 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) . ამ ეპიზოდზე დავით ახალაია ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით,), 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად) და სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სასჯელთა შთანთქმის საფუძველზე, საბოლოოდ 7 წლითა და 6 თვით წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი აქვს კიდევ 8 პირის მიმართ, მათ შორის არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები