კანაფის ექსპორტი

გახარია პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: კანაფის კულტივაციის კანონპროექტს გავიწვევთ

გიორგი გახარია
საქართველოს პარლამენტი

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობა კანაფის კულტივაციის კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გამოიწვევს. ეს საკითხი მან და ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში, ილია მეორესთან შეხვედარზე განიხილეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გახარიამ თქვა, რომ არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან, მათ შორის არჩევნებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ იქნა მიღებული. 

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგულირების ნაწილი. ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს როგორც უსაფრთხოების, ასევე მოხმარების რეგულირების ნაწილში. ვიმსჯელეთ ასევე მეორე ნაწილზე საკანონმდებლო ინიციატივის,ეს გახლდათ კულტივაციის თემა სამედიცინო მიზნებისთვის. 

რა თქმა უნდა, კონტექსტი არსებობს. ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დაედო ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ერთმნიშვნელოვნად ჩვენთვის დიდი ფაქტორია, რომ ამ კანონის ირგვლივ მოხდეს კონსენსუსი, ამ კონსენსუსის მიღწევა ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნების მათ შორის, ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, როგორც ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ პარტიაში იყო გუნდის შეხვედრა, რომელსაც ქალბატონი სალომეც ესწრებოდა და იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ. ეს იყო დღეს პატრიარქთან შეხვედრის ძირითად თემა. ჩვენ დავთანხმდით, რომ ამ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს. 

იურიდიულად კანონპროექტს გამოსაწვევი არაფერი სჭირდა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკური, მათ შორის საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, საზოგადოების პოზიციიდან, მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - თქვა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს - განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავიდოდა.

ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო. 

ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტით ქვეყანა 1 მილიარდს იშოვიდა. 

ინიციატივას საზოგადოების ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. სასულიერო პირების ნაწილმა მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა და პარაკლისიც გადაიხადა. წინააღმდეგი იყო მეუფე იაკობიც. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი თქვა, რომ "სამშობლოსთვის გული ხელისუფლებასაც შესტკივა". 

მაშინ მმართველმა გუნდმა პარლამენტში კანონის განხილვა შეაჩერა, თუმცა არ გაუწვევია. 

გუშინ, 1-ლ ნოემბერს პრესკონფერენცია მოიწვიეს ძალადობრივ ჯგუფის, ქართული მარშის წევრებმა და თქვეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება ორ პირობას შეასრულებდა, მათგან ერთ-ერთი სწორედ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაა

კომენტარები